დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კრემლის პროპაგანდა დონბასის შესახებ აგვისტოს ომის ნარატივებს იმეორებს

დონეცკელი სეპარატისტები სლოვიანსკში შენობაზე საკუთარ დროშას შლიან, 2014 წელი

კრემლის პროპაგანდა, დონბასში სიტუაციის გამწვავების ფონზე, 2008 წლის აგვისტოს ომის ნარატივებს იმეორებს. 

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები კეივის კონტროლირებად სტანიცა ლუგანსკის ტერიტორიაზე მყოფ საბავშვო ბაღის საარტილერიო ცეცხლით დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებული ძალებს ადანაშაულებენ. მაგალითისთვის, РИА Новости ეყრდნობა ლუგანსკელი სეპარატისტების ე.წ. სახალხო მილიციის მიერ შემთხვევის ადგილის ფოტოების ანალიზს. 

უკრაინული მედია УНІАН-ის ცნობით, ამავე ცრუ ინფორმაციას იმეორებდნენ სამთავრობო-პროპაგანდისტულ ტელეარხზე, Первый канал-ზე. 

საინტერესოა, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმა ერთმანეთის გამომრიცხავი ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს. მაგალითად, ტაბლოიდმა Комсомольская правда-მ დაწერა, რომ უკრაინამ მოაწყო საბავშვო ბაღის დაბომბვის ინსცენირება, ანუ შემთხვევის ადგილი, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, ამ მედიის ბრალდებით, დადგმული იყო. ეს უკანასკნელი და აქამდე აღნიშნული პროპაგანდისტული ვერსია ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ ჯდება.

პრორუსმა სეპარატისტებმა საარტილერიო ცეცხლი ლუგანსკის რეგიონში არსებული დასახლების, სტანიცა ლუგანსკის მიმართულებით გახსნეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. შედეგად დაშავდა ბაღის 3 თანამშრომელი. უკრაინელმა სახმედრობმა შენობაში მყოფები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრორუსი სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად საბავშვო ბაღის დაზიანებას გამოეხმაურა და ფაქტს დიდი პროვოკაცია უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პარტნიორებს სტანიცა ლუგანსკის საარტილერიო დაბომბვის დაგმობისკენ მოუწოდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში, დონბასის რეგიონში პრორუსი სეპარატისტების მიერ საბავშვო ბაღის საარტილერიო ცეცხლით დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ოპერაცია რუსეთის ქმედების საბაბის შესაქმნელად.

17 თებერვალს, დონბასში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, რუსულმა სამთავრობო მედიებმა აქტიური პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს. პარალელურად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინა დონბასში პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.

აშშ-ს გაფრთხილებებით, რუსეთს, შესაძლოა, ფაქტების ფაბრიკაციით ომის საბაბის გამონახვა სურდეს. 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რუსეთის მხრიდან განიხილება, ყალბი თავდასხმის დადგმა და გადაღებაა – აფეთქებები გრაფიკული სურათებით,  ნაჩვენები იქნება მრავალრიცხოვან მსხვერპლი, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა და  თურქული დრონები.

16 თებერვალს თეთრი სახლსის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ კომენტარი გააკეთა რუსული მხარის დეზინფორმაციის საფრთხეზე. ჟურნალისტმა ფსაკის შეკითხვა დაუსვა რუსული მხარის ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც 2021 წელს დონბასში აღმოაჩინეს უკრაინელი სამხედროების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების საერთო საფლავები. 

"როგორც პრეზიდენტისგან გუშინ, დღეს კი სახელმწიფო მდივანი ბლინკენისგან გაიგეთ, ჩვენ ვართ შუალედში, სადაც გვჯერა, რომ თავდასხმა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს, რასაც წინ გაუსწრებს საბაბის ფაბრიკაცია, რომელსაც რუსები შეჭრის გასამართლებლად გამოიყენებენ. 

ჩვენ გვინახავს წარსულში ასეთი პრაქტიკების გამოყენება. ასე რომ ეს შეიძლება შეიცავდეს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდეს, ანგარიშს [საერთო საფლავების შესახებ], რომელიც ახლა ახსენეთ, დონბასში პროვოკაციის ბრალდებებს, სამთავრობო მედიების ცრუ ცნობებსა და პოტენციურ ცრუ ვიდეოებს, ცრუ ბალდებებს ქიმიურ იარაღზე, ან რუს ჯარისკაცებზე თავდასხმებზე, რომლებიც არ მომხდარა", – თქვა ჯენ ფსაკიმ. 

ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთი ამჟამად იყენებს იგივე სახელმძღვანელოს, რომელიც მან 2008 წელს საქარათველოში შეჭრის, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შეჭრის წინ გამოიყენა.

"დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ NATO და აშშ დაადანაშაულა "პროვოკაციების ჩადენის" დაგეგმვაში, დონბასის რეგიონში უკრაინისთვის "გაურკვეველი ნივთიერების ავზების" მიწოდებით. ეს პირდაპირ რუსეთის კარგად აღწერილი სახელმძღვანელოდანაა, მასში შედი უკრაინასა და საქართველოში წინა შეჭრებისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში დეზინფორმაციული სპეცოპერაციები, სირიის ჩათვლით, სადაც რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დასაცავად", – თქვა ნედ პრაისმა.

საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ, ჯენ ფსაკიმ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გააფრთხილა, როდესაც ისაუბრა ფაქტების შესაძლო ფაბრიკაციაზე.

"შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში", – ამბობდა ფსაკი.

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ.

УНІАН-ის ინფორმაციით, 17 თებერვლის ღამის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სიმშვიდე 29-ჯერ დაარღვიეს. შედეგად დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. უკრაინული მხარის ცნობით, 29-დან 27 შემთხვევაში რუსეთის მარიონეტულმა ძალებმა ცეცხლი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით გახსნეს. ცეცხლის გახსნა დღის საათებშიც გაგრძელდა. 

პარალელურად, აშშ-ს თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები