ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

HERITAGE FOUNDATION-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ 14 პოზიცია დაკარგა

georgicatravel.ge

Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის მე-12 პოზიციიდან 26-მდე ჩამოქვეითდა, რაც საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუარესების უპრეცედენტო მაჩვენებელია. 

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, ესენია: კანონის უზენაესობა, რეგულაციების ეფექტიანობა, მთავრობის ზომა და საბაზრო თავისუფლება.

2022 წელს საქართველოს მდგომარეობა თითქმის ყოველ ძირითად კატეგორიაში გაუარესდა, ქულის ყველაზე მკვეთრი შემცირება კი ფისკალურ კატეგორიაში დაფიქსირდა და ამჟამად ქვეყნის სარეიტინგო ქულა 71.8-ს შეადგენს, მაშინ, როცა ის გასულ წელს 77.2-ს შეადგენდა. 

"სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის პოლიტიკური ჩარევა. ბევრ მოსამართლეს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად და სწრაფად განხილვის უნარი არ აქვს. იურიდიულ ხარვეზებს მაღალჩინოსნები პირადი გამდიდრების, სტატუსისა და ანგარიშსწორების მიზნით იყენებენ". – წერია ანგარიშში. 

ექსპერტები ქვეყნის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევად კორუფციას და სასამართლოს მიკერძოებულობას ასახელებენ.
 
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მეორეს - შვეიცარია, მესამეს კი - ირლანდია. ბოლო ადგილებს ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და კუბა ინაწილებენ. 

კომენტარები