ქართული ოცნება

კობახიძე ჰარცელის განცხადებებზე: არცერთი მათგანი სამართლიანი და ობიექტური არაა

"კარლ ჰარცელის ეს განცხადებები არაა სამართლიანი და ობიექტური და სწორედ ამიტომ არაა ამ გაგებით ჩვენთვის საინტერესო". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებებს ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის ნებისმიერი ობიექტური შეფასება იქნებოდა საინტერესო, თუნდაც კრიტიკული, თუმცა, ოცნების თავმჯდომარით სიტყვებით, – "სადაც არაა სამართლიანობა და ობიექტურობა, ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ". – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს, 16 თებერვალს პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს "შესაძლოა, ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე მოხდა".

კარლ ჰარცელი ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და უწყების დაშლის შედეგად შექმნილ პერსონალურ მონაცემთა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასაც გამოეხმაურა. ევროკავშირის ელჩის თქმით, კვლავ ვერ ხედავენ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს.

კომენტარები