NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ რეგიონში სამხედრო გაფართოების ფონზე, მისი უკრაინაში შეჭრის რისკი "იზრდება".
"ჩვენ ვისმენთ მუქარის რიტორიკას, ძალიან ძლიერ რიტორიკას რუსეთის მხრიდან. თუ არ დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, დადგება, რასაც თავად უწოდებენ სამხედრო-ტექნიკური შედეგები. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოცდილება.
შედეგად, თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, სამხედრო ფორმირებას, მუქარის რიტორიკას და რუსეთის წარსულ მოქმდებებს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე არსებობს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის".- აღნიშნა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტევიუში.
NATO-ს გენერალური მდივნის განმარტებით, კვლავ არსებობს შესაძლებლობა, რომ პრობლემა პოლიტიკური, დიპლომატიური გზით გადაიჭრას. ალიანსი მზადაა, მუსმინოს რუსეთს, თუმცა, სტოლნბერგის თქმით, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ რუსეთი აგრესორია.
"ყველასათვის ცხადია, თუ ვინ არის აგრესორი. უკრაინის ნაწილი - ყირიმის ტერიტორია უკუპირებულია რუსეთის მიერ. ასევე, იგი აკონტროლებს აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის ნაწილს და არის აგრესორი.
[...] ჩვენ ვმოქმედებთ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და მას, პირველ რიგში, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს". - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
პენტაგონის განმარტებით, აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეთა გასაძლიერებლად დამატებით 3 000 ჯარისკაცი პოლონეთსა და რუმინეთში გაიგზავნება. სამხედროების ნაწილი უკვე ჩავიდა რუმინეთსა და პოლონეთში.
უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".
2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.
მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.
პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.





