საპარლამენტო ბოიკოტი

ნათელაშვილი ოპოზიციას: შემოვალ, ერთმანეთს მოვკიდოთ ხელი და დავტოვოთ პარლამენტი

"დღევანდელ ოპოზიციას ისევ მოვუწოდებ, რომ გამოვიდეთ ამ დაწყევლილი ე.წ პარლამენტიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კანტორაა" - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში თქვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენ შედიხართ და იმათ გამოსვლისკენ მოუწოდებთ?" - ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ თავადაც მათთან ერთად გამოვა.

"ხომ არ შევედი მათთან ერთად, ყველაზე გვიან... ჯერ გადაწყვეტილება არც არის მიღებული შესვლაზე, ალბათ, ამ დღეებში მოვიწვევთ პოლიტკომიტეტს, მაგრამ გამოვიდეთ ერთად, აი, შემოვალ, ერთმანეთს მოვკიდოთ ხელი და დავტოვოთ პარლამენტი განცხადებით, და დამთავრდება რეჟიმი, ჩამოიშლება და რამდენიმე დღეში ახალი არჩევნები იქნება ყოველგვარი რევოლუციის გარეშე" - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, "არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წამების თემაზე ინიცირებულ საგამოძიებო კომისიას" დაუჭერს მხარს, არამედ, წინადადებით გამოვა, "შეიქმნას ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი კომისია".

ცნობითვის, 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. 

კომიტეტი გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას წარადგენს, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, გაუქმდება თუ არა დეპუტატების მანდატები.

საკითხის დაყენების მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები