დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ერდოღანი: დასავლეთს უკრაინა-რუსეთის კრიზისის გადაჭრისთვის არაფერი გაუკეთებია - თურქული მედია

Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-სა და სხვა დასავლეთ სახელმწიფოებს არაფერი გაუკეთებიათ რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. ამის შესახებ ინფორმაციას NTV და თურქული მედია ავრცელებს. 

ერდოღანმა, რომელიც ცდილობს იყოს მხარეებს შორის პოტენციური შუამავალი, თქვა, რომ არცერთ ევროპელ ლიდერს არ შეუძლია გადაჭრას კონფლიქტი და აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ არ შეუტანია საკითხის მოგვარებაში პოზიტიური წვლილი. 

"მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, დასავლეთმა პრობლემის გადაჭრისთვის ვერაფერი ვერ გააკეთა".- უთხრა ჟურნალისტებს ერდოღანმა უკრაინიდან თურქეთში დაბრუნებისას. 

3 თებერვალს ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. თურქეთმა გამოთქვა სურვილი, რომ იყოს შუამავალი რუსეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. 

ვიზიტისას კიევსა და ანკარას შორის  თურქული საბრძოლო უპილოტო აპარატების უკრაინაში წარმოების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამასთანავე, თურქეთმა და უკრაინამ, როგორც შავი ზღვისპირა მეზობელმა სახელმწიფოებმა, ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რაც კიევის შეფასებით, ორმხრივ წლიურ ვაჭრობას ხუთ წელიწადში 7 მილიარდიდან 10 მილიარდამდე გაზრდის. 

თურქეთს ახლო ურთიერთობა აქვს უკრაინასთან და რუსეთთან, თუმცა, ერდოღანის თქმით, თურქეთი, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, ყველაფერს გააკეთებს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები