დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჩინეთისა და რუსეთის საერთო განცხადებით, ჩინეთი NATO-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება

Evgenia Novozhenina/ Reuters

ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, NATO-ს გაფართოების წინააღმდეგია. დასავლეთის ზეწოლის პარალელურად, რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე, რითიც მხარეთა დაახლოებას გაუესვეს ხაზი.

პუტინმა და სი ძინფინგმა მოლაპარაკებები ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე გამართეს.

საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ჩინეთის პოზიციას ტაივანთან დაკავშირებით,  არ აღიარებს კუნძულის დამოუკიდებლობას. 

"რუსული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ, ადასტურებს, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობის ნებისმიერ ფორმას".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ორი ქვეყნის  ერთობლივი განცხადება NATO-ს ცივი ომის იდეოლოგიის გატარებაში ადანაშაულებს და ასევე აღნიშნავს, რომ  შეშფოთებულნი არიან აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის უსაფრთხოების პაქტის გამო.

კრემლის თანახმად, პუტინისა და სი ძინფინგის შეხვედრა შინაარსობრივ მოლაპარაკებებს მოიცავდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალი დონის დიპლომატიურ კავშირად შეფასდა. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები