დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პენტაგონმა რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ს და NATO-ს გასაჯაროებული პასუხების ნამდვილობა დაადასტურა

პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა ესპანური გამოცემის, El Pais-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების ნამდვილობა. El Paso-მ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც აშშ-მ და NATO-მ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნებზე საპასუხოდ გაუგზავნეს.

კირბიმ აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები აჩვენებს აშშ-ს სურვილს ისაუბროს რუსეთთან უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად.

"ჩვენ ეს დოკუმენტი არ გაგვისაჯაროებია, მაგრამ რადგანაც გასაჯაროვდა, მთელ მსოფლიოს უდასტურებს, რომ ჩვენს საჯარო განცხადებებსა და კონფიდენციალურ საუბრებს შორის განსხვავება არ არის. NATO და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან, გადაწყვეტილი აქვთ ჩაერთონ სერიოზულ და კონსტრუქციულ დიპლომატიაში. აშშ დიპლომატიური გამოსავლის ძებნაში ბოლო ძალისხმევას დებს" - თქვა კირბიმ.

დოკუმენტების მიხედვით, აშშ და NATO უარს ამბობენ უსაფრთხოების გარანტიებთან რუსეთის შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე და ასევე არ აპირებენ უარი თქვან ღია კარის პოლიტიკაზე. სანაცვლოდ, ვაშინგტონი და NATO რუსეთს სთავაზობენ შეიარაღების შეზღუდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებებს და დიალოგის გაგრძელებას სხვადასხვა ორგანიზაციების ფორმატით. აშშ-ს და NATO-ს პასუხებში იგივე გზავნილები იკვეთება, რაზეც დასავლეთი ოფიციალურად საუბრობდა.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და, შესაბამისად, არ გამორიცხავს მომავალში ალიანსში უკრაინის ან საქართველოს გაწევრიანებას. ასევე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი NATO-რუსეთის საბჭოს ფორმატში უნდა იყოს განხილული. NATO-ს ტექსტი ასევე ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას და ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს უფლებას სხვისი ჩარევის გარეშე აირჩიოს უსაფრთხოების შეთანხმებები.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

მოვლენების ესკალაციის შესაძლო სცენარებს გაეცანით აქ – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო სცენარები და მიმართულებები.

კომენტარები