დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ესპანურმა გამოცემა EL PAIS-მა რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-სა და NATO-ს პასუხები გამოაქვეყნა

ენტონი ბლინკენი და იენს სტოლტენბერგი 2021 წლის 30 ნოემბერს რიგაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე
NATO

ესპანური გამოცემა EL PAIS-ის თქმით, მან მოიპოვა კონფიდენციალური დოკუმენტები, რომლებიც აშშ-მ და NATO-მ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნებზე საპასუხოდ გაუგზავნეს.

გამოცემის მიხედვით, აშშ და NATO უარს ამბობენ უსაფრთხოების გარანტიებთან რუსეთის შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე და ასევე არ აპირებენ უარი თქვან ღია კარის პოლიტიკაზე. სანაცვლოდ, ვაშინგტონი და NATO რუსეთს სთავაზობენ შეიარაღების შეზღუდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებებს და დიალოგის გაგრძელებას სხვადასხვა ორგანიზაციების ფორმატით.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს და NATO-ს პასუხებში იგივე გზავნილები იკვეთება, რაზეც დასავლეთი ოფიციალურად საუბრობდა; ვაშინგტონის და ალიანსის პასუხები კოორდინირებული და შეთანხმებულია, მაგრამ არსებობს მცირე სხვაობებიც. EL PAIS-ს მიხედვით მთავარი განსხვავება ტექსტებში ის არის, რომ ვაშინგტონი გამოთქვამს სურვილს განიხილოს ევროპის "უსაფრთხოების განუყოფლობის" პრინციპი, რომელსაც ეუთო უჭერს მხარს. მოსკოვმა ეს საკითხი დასავლეთისთვის თავის შეთავაზებაში შეიტანა. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში მიღება მომავალში მის უშიშროებას საფრთხეს შეუქმნის. გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის პასუხის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ის რუსეთის ამ პოზიციას არ იზიარებს და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპი იზოლირებულად არ უნდა იყოს განხილული. გამოცემის მიხედვით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ც და რუსეთსაც დადასტურებული აქვთ თითოეული ქვეყნის უფლება თავად აირჩიოს ალიანსები.

"ვაშინგტონის დოკუმენტი ცხადად ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და, შესაბამისად, არ გამორიცხავს მომავალში ალიანსში უკრაინის ან საქართველოს გაწევრიანებას. ასევე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი NATO-რუსეთის საბჭოს ფორმატში უნდა იყოს განხილული. NATO-ს ტექსტი ასევე ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას და ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს უფლებას სხვისი ჩარევის გარეშე აირჩიოს უსაფრთხოების შეთანხმებები". – წერს გამოცემა.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

მოვლენების ესკალაციის შესაძლო სცენარებს გაეცანით აქ – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო სცენარები და მიმართულებები.

კომენტარები