გვინეა-ბისაუ

გვინეა-ბისაუში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებული სამხედროები გვინეა-ბისაუს დედაქალაქში
REUTERS/Stringer

გვინეა-ბისაუში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, სულ მცირე, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთ სამთავრობო შენობაზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, უმარო სისოკო ემბალო მინისტრებთან შეხვედრას მართავდა. შენობასთან სროლა და დაპირისპირება 5 საათი გაგრძელდა. დაიღუპა 4 თავდამსხმელი და პრეზიდენტის დაცვის 2 წევრი. პრეზიდენტის თქმით, მდგომარეობაზე კონტროლი აღდგენილია.

"ეს არ იყო მხოლოდ გადატრიალება. ეს იყო პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის და მთლიანად კაბინეტის მკვლელობის მცდელობა." – თქვა ემბალომ.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ დგას თავდასხმის უკან. პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, თავდასხმა დაკავშირებული იყოს ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ მთავრობის ბრძოლასთან იყოს და არა არმიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობასთან.

ემბალოს თქმით, თავდასხმა კარგად მომზადებული და ორგანიზებული იყო და შესაძლოა, მასში ნარკოვაჭრობაში ჩართული პირები იღებდნენ მონაწილეობას. გვინეა-ბისაუ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ადგილია ლათინური ამერიკიდან ევროპაში კოკაინის გადატანის მარშრუტზე, რაც ქვეყანაში არასტაბილურობას უწყობს ხელს.

მას შემდეგ რაც 1979 გვინეა-ბისაუმ პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში 10 სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ბოლო 18 თვის განმავლობაში დასავლეთ აფრიკის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალებები, მალიში, გვინეაში და ბურკინა ფასოში.

კომენტარები