გვინეა

გვინეაში სამხედროები აცხადებენ, რომ გადატრიალება მოაწყვეს და კონსტიტუცია გააუქმეს

AFP

აფრიკაში, გვინეის დედაქალაქ კონაკრიში დაძაბულობაა. სამხედროების ჯგუფმა მოკლე სატელევიზიო მიმართვაში გამოაცხადა, რომ მათ მოაწყვეს გადატრიალება, მთავრობა დაშლილია, კონსიტუცია კი გაუქმებული. 

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეობი, რომლებშიც გვინეის პრეზიდენტი, ალფა კონდე სამხედროების გარემოცვაში ზის. ჯერჯერობით არაა ცნობილი, რეალურია თუ არა ეს კადრები. უცნობია ინფორმაცია პრეზიდენტის შესახებ. 

ეს ინფორმაცია, მოჰყვა კონაკრიში, პრეზიდენტის სასახლესთან ცეცხლის გახსნის შეტყობინებებს. უცნობი იყო, თუ ვინ იყო მომხდარზე პასუხისმგებელი. 

სატელევიზიო მიმართვაში ჯერჯერობით არაიდენტიფიცირებულმა სამხედრომ, კიდევ რვა ჯარისკაცთან ერთად, გვინეის დროშა ჩამოგლიჯა და თქვა, რომ ისინი დროებით მთავრობას ჩამოაყალიბებდნენ და დამატებით დეტალებს მომავალში გაასაჯაროებდნენ.

თუმცა, გვინეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მცველთა რაზმმა სამხედროთა ერთი ჯგუფის თავდასხმა მოიგერია. სამინისტროს განცხადებით, იდგმება ნაბიჯები წესრიგის აღსადგენად.

კვირას, ამ მოვლენებამდე სამხედრო წყარომ Reuters-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნახევარკუნძულზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ჩაკეტილი იყო და ქვეყნის ლიდერის რეზიდენციაში თავს იყრიდნენ სამხედროები. წყაროს თქმით, სასახლესთან ისროდნენ სპეციალური ძალების ზოგიერთი უკმაყოფილო წევრი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, არიან დაჭრილებიც, კერძოდ სამოქალაქო პირები. 

გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც ჩანდნენ მანქანებზე შემსხდარი სამხედროები, რომლებიც კონაკრის ავტონომიური პორტისკენ მიემართებოდნენ.

გამოცემა Al Jazeera-ს ცნობით, კონაკრიში გადასხეს ჯარისკაცები და მაცხოვრებლებს მოუწოდეს არ გამოსულიყვნენ სახლიდან. 

არეულობა მოჰყვა პარლამენტის გადაწყვეტილებას, ერთი მხრივ გაეზარდათ ბიუჯეტი პრეზიდენტისთვისა და პარლამენტარებისთვის, მეორე მხრივ კი – შეემცირებინათ სამხედროებისა და უსაფრთხოების ძალების დაფინანსება.

პრეზიდენტმა ალფა კონდემ არჩევნებში მესამე ვადით 2020 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. მან არჩევნებამდე, 2020 წლის მარტში, მიიღო კონსტიტუცია, რომელიც მას მესამე ვადით მმართველობის უფლებას აძლევდა. კონდეს გამარჯვებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებზე მოკვდა ათობით ადამიანი, ასობით კი დააკავეს. 

გვინეამ კონდეს მმართველობის პერიოდში ეკონომიკური ზრდა დაიწყო, თუმცა ეს ზრდა ქვეყნის მხოლოდ მცირე რაოდენობის მოქალაქეებზე აისახა. ალფა კონდე გვინეის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, მან არჩევნები ჯერ 2010, შემდეგ 2015, ბოლოს კი 2020 წელს მოიგო.

კომენტარები