გვინეა-ბისაუ

გვინეა-ბისაუს ხუნტამ ოპოზიციის ლიდერი ციხიდან გამოუშვა, ხალხს ინკლუზიურ მთავრობას დაჰპირდა

   
   

ხუნტამ, რომელმაც ნოემბერში გადატრიალების შედეგად გვინეა-ბისაუში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, განაცხადა, რომ რევოლუციურ პარტია PAIGC-ს მთავრობაში ჩართავს და პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დომინგუშ სიმოეშ პერეირა ციხიდან გაათავისუფლა, თუმცა, ის კვლავ შინაპატიმრობაში რჩება.

დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის, ECOWAS-ისადმი მიმართვაში, რომელიც გვინეა-ბისაუს დროებითმა პრეზიდენტმა, გენერალ-მაიორმა ჰორტა ინტა-ამ ორგანიზაციას წერილობით გაუგზავნა და შაბათ-კვირას ჟურნალისტებსაც გადაეცათ, მან წარადგინა “ინკლუზიური“ გარდამავალი მთავრობის ფორმირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც სამი მინისტრის პორტფელი PAIGC-ს, იგივე აფრიკულ პარტიას გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობისთვის გადაეცემა.

ინტა-ას თქმით, მთავრობაში მინისტრობისთვის სამ თანამდებობას მიანიჭებს სოციალური განახლების პარტიას (PRS), რომელსაც ფერნანდო დიაში ხელმძღვანელობს. ის ნოემბრის არჩევნებში ემბალოს ყველაზე ძლიერ მეტოქედ ითვლებოდა. დროებითმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება.

ხუნტამ 30 იანვარს გამოაცხადა, რომ PAIGC-ის ლიდერი პერეირა, რომელიც გადატრიალების შემდეგ დაკავებული იყო, გათავისუფლდა, თუმცა ეკონომიკური დანაშაულის ეჭვის საფუძველზე შინაპატიმრობაში დარჩება.

გამოცემა Reuters-ის ცნობებით, დიაშმა დატოვა ნიგერიის საელჩო, სადაც თავშესაფარი ჰქონდა მოძიებული, და მას დაკავების საფრთხე აღარ ემუქრება.

Reuters-ის მიხედვით, ეს გვინეა-ბისაუს მხრიდან ECOWAS-ის დამშვიდების მცდელობაა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ ქვეყანას წევრობა შეუჩერა და ხუნტას სამოქალაქო მმართველობაზე სწრაფი გადასვლისკენ მოუწოდა.

გვინეა-ბისაუში არმიის ოფიცრებმა, რომლებმაც თავს “სამხედრო უმაღლესი სარდლობა“ უწოდეს, 26 ნოემბერს პრეზიდენტი უმარო სისოკო ემბალო დაამხეს და მეორე დღეს დროებით პრეზიდენტად გენერალ-მაიორი ჰორტა ინტა-ა დანიშნეს.

გადატრიალებამ, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მეცხრე იყო, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პროცესი შეაფერხა.

გადატრიალების შემდეგ დღეებში ECOWAS-მა ხუნტას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და საარჩევნო პროცესის განახლებისკენ მოუწოდა. თუმცა, საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კენჭისყრის დასრულება ვერ შეძლო მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ბიულეტენები წაიღეს და შედეგების შემცველი სერვერები გაანადგურეს.

კომენტარები