ბურკინა-ფასო

ბურკინა-ფასოში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს, პრეზიდენტი გადააგდეს

სამხედროებით გარშემორტყმული კაპიტანი სიდსორე კადერ უედრაოგო აცხადებს სამხედრო გადატრიალების შესახებ

36-საათიანი ამბოხების შემდეგ, ბურკინა-ფასოში სამხედროებმა პრეზიდენტი გადააგდეს. ეს დასავლეთ აფრიკაში ბოლო 8 თვეში მესამე სამხედრო გადატრიალებაა. 

"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთადერთი მიზნით, რათა ჩვენი ქვეყანა კვლავ სწორ გზას დაუბრუნდეს", – თქვა კაპიტანმა სიდსორე კადერ უედრაოგომ სატელევიზიო მიმართვაში.

უედრაოგოს სიტყვა დამტკიცებული იყო პოლ-ჰენრი სანდაოგო დამიბას მიერ, რომელიც ამბოხებულთა მეთაურია. დამიბა უძღვება დაცვისა და აღდგენის პატრიოტულ მოძრაობას (MPSR). ამ მოძრაობის არსებობის შესახებ აქამდე ცნობილი არაფერი იყო.

"MPSR-მ, რომელიც ჯარის ყველა სექციას მოიცავს, დღეს პრეზიდენტი კაბორეს მმართველობის დასრულება გადაწყვიტა", – ამბობდნენ სამხედროები განცხადებაში.

სამხედროების თქმით, გადატრიალება უსისხლოდ მოხდა. სამხედროებმა დროებით შეაჩერეს კონსტიტუცია, დაშალეს მთავრობა და ჩაკეტეს საზღვრები. უედრაოგოს თქმით, მათ პრეზიდენტი როკ მარკ კაბორე და სხვა პოლიტიკოსები უსაფრთხო ადგილზე ჰყავთ გადაყვანილი, სადაც, როგორც სამხედროების ლიდერი ამბობს, "მათ ღირსებას პატივს სცემენ".

სამხედროები ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება განაპირობა პრეზიდენტის სისუსტემ, გამოც მან ქვეყნის გაერთიანება, გამოწვევევთან გამკლავება და ქვეყანაში შეიარაღებული ისლამისტების ამბოხებების შეწყვეტა ვერ შეძლო.

აქამდე, საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებდნენ პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენლები. მათი თქმით, პრეზიდენტი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

MPSR აპირებს გაწეროს კალენდარი, რომლის ვადებშიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წყობას დააბრუნებენ. 

გადატრიალება დაგმეს გაერო-ში.

სამხედროების მიმართვამდე, წინა ორი დღე ქვეყანაში გაურკვევლობა იყო, მას შემდეგ, რაც დედაქალაქ უაგადუგუში სამხედრო ბაზებზე სროლა დაიწყო, როდესაც ჯარისკაცები ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ რესურსებს ითხოვდნენ.

უაგადუგუს ცენტრალურ ქუჩაზე მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბა და გადატრიალებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

გასულ ღამეს პრეზიდენტი კაბორეს რეზიდენციის მიდამოებში ისმოდა სროლის ხმა. მისი პარტიის, პროგრესის სახალხო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტის რეზიდენცია ნანგრევებადაა ქცეული.

კაბორემ პრეზიდენტის თანამდებობა 2015 წელს დაიკავა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ის იდგა, იყო ისლამისტების ამბოხებები, რამაც იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, მილიონზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. ისლამისტების ბურკინა-ფასოში გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებენ, სადაც საკუთარი მკაცრი ისლამური კანონები აქვთ გატარებული. რადიკალურ შეიარაღებულ ჯგუფებს კავშირი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ალ-კაიდასთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS).

ორშაბათს, 24 იანვარს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეამჩნიეს რამდენიმე სამხედრო მანქანა, რომლებიც ჩაცხრილული იყო, მოწმეების ცნობით, ზოგიერთი მათგანი სისხლითაც იყო დასვრილი. ამ მომენტისთვის პრეზიდენტი კაბორეს ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

კომენტარები