დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: თუ რუსეთი უკარინაში შეიჭრება, მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე გაკეთებული განცხადების თანახმად, თუ რუსეთი გადაწყვეტს დიალოგის გზით განიხილოს უკრაინასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამ კუთხით ძალისხმევას არ დაიშურებენ, ხოლო თუ გადაწყვეტს, რომ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრას, მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

ბაიდენის განცხადება სრულად:

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-მ დეტალურად წარმოადგინა სრული ხასიათი საფრთხისა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთისგან ემუქრება. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ განვუმარტეთ ამ საფრთხის სრული შედეგები - არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპებისა და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგისათვის.

თუ რუსეთი გულწრფელად განიხილავს უსაფრთხოების საკითხების გადაჭრას დიალოგის გზით, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ამ კუთხით ძალისხმევას არ დაიშურებენ. თუკი რუსეთი უარს იტყვის დიპლომატიაზე და თავს დაესხმება უკრაინას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა და დადგება სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე.

შეერთებული შტატები, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები გაგრძელებენ მომზადებას ნებისმიერი სცენარისათვის. მსოფლიომ ნათლად უნდა გააცნობიეროს რუსეთის საფრთხის შემცველი ქმედებები და უნდა იყოს მზად უპასუხოს იმ რისკებს, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშეა. უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა კრიტიკული ნაბიჯია იმისკენ, რომ მსოფლიომ ერთხმად დაუჭიროს მხარი შემდეგს: ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, სამხედრო დეესკალაციას, დიპლომატიის, როგორც საუკეთესო გამოსავლის მხარდაჭერას და ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ მეზობლების მიმართ სამხედრო აგრესიაზე უარის თქმას.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები