საქართველოს პარლამენტი

ჩხეიძე 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის პრეზიდენტის დღედ გამოცხადებას ითხოვს

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარალმენტი

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტს 9 აპრილის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის დღედ გამოცხადების ინიციატივით მიმართავს.

ამასთან დაკავშირებით დეპუტატმა შრომის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარედგინა და მათ დაჩქარებული წესით განხილვაც სთხოვა, თუმცა ბიურომ ჩხეიძის წინადადება არ გაითვალისწინა. 

მისი თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა, ხოლო ეს აქტი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმს დაეფუძნა, რომელიც ჩატარდა კითხვით - "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მასის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე".

"ამ კითხვით ხაზი გაესვა ქვეყნის სახელმწიფოებრივ არსებობას არა შორეულ წარსულში, არამედ იქვე მე-20 საუკუნეში. შესაბამისად, 26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება. 9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში. 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალიწინებით, შეიძლება რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს".- ამბობს ჩხეიძე. 

კომენტარები