დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: NATO არ გეგმავს უკრაინაში ჯარის გაგზავნას რუსეთის შეჭრის შემთხვევაში

Bloomberg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში NATO არ გეგმავს უკრაინაში ჯარის გაგზავნას. სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ალიანსი უკრაინას ეხმარება, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ წევრებს ეხებათ.

"ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში. NATO-ს ჰყავს ტრენერები, მათ ვეხმარებით გაძლიერებაში, თავდაცვის მოდერნიზებაში, მათ შორის, კიბერთავდაცვაშიც. NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, თავდაცვით იარაღს. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა. ამგვარად, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ საკუთარი თავი დაიცვას, მაგრამ უკრაინა არ არის NATO-ს წევრი. 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია, რომ ერთ წევრზე თავდასხმას უპასუხებს მთელი ალიანსი, ეხება NATO-ს წევრებს და არა ახლო, ძვირფას პარტნიორებს". – თქვა სტოლტენბერგმა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები