დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: თუ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც საქართველოში 2008 წელს, მთელი ალიანსი უპასუხებს

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც საქართველოში 2008 და უკრაინაში 2014 წელს, მთელი ალიანსი პასუხს გასცემს. სტოლტენბერგი გამოცემა Эхо Москвы-ს ესაუბრა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიას რუსეთის სურვილის საწინააღმდეგო შედეგი აქვს და NATO-ს მეტ მობილიზებას იწვევს.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას რუსეთის სურვილის საპირისპირო შედეგი აქვს. რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებით, მით მეტ სამხედროს გავგზავნით NATO-ს აღმოსავლეთში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიის შემდეგ და უკრაინაში, დონბასზე სამხედრო კონტროლის დამყარებამდე ჩვენ არ გვქონდა ალიანსის აღმოსავლეთში კონტინგენტები. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ ჩვენს საზღვრებზე პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში განვათავსეთ სამხედროები და გავზარდეთ ჩვენი კონტინგენტი ბალტიისპირეთში და შავი ზღვის რეგიონში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნათელი იყოს, თუ რუსეთი ისე მოიქცევა როგორც 2008 წელს საქართველოში და შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, მთელი ალიანსი გასცემს პასუხს. თუ [აგრესია] NATO-ს წევრ ქვეყანას შეეხება, მე-5 მუხლი ამოქმედდება." – თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის აღმოსავლეთში სამხედრო ნაწილების განთავსების მიზანია, რუსეთს აჩვენოს, რომ თუ ისევ შეიჭრება უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს სამხედრო ძალების რაოდენობა გაიზრდება.

"ეს არის NATO-ს სამხედროები NATO-ს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს უკრაინაში მათი განთავსების გეგმა. ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში NATO-ს სამხედრო ჯგუფების განლაგებას. უკრაინა მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ NATO-ს წევრი არ არის. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ გვაქვს უკრაინაში NATO-ს სამხედროების განთავსების გეგმა. რა თქმა უნდა, რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, თუ უკრაინაში შეიჭრება – ეკონომიკური სანქციებით. უკრაინის არმია ახლა გაცილებით უკეთესადაა მომზადებული, ვიდრე 2014 წელს და, რა თქმა უნდა, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი სამხედრო გვყავს." – თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები