დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინამ საზღვრებთან რუსეთის ჯარების სისხლით მომარაგების ცნობები უარყო

AFP/Getty Images

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან სისხლის მარაგი ჩააქვს. უწყების თანახმად, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს არც ერთი ოფიციალური წყარო და მსგავსი აქტიურობა საზღვრებთან არ შეიმჩნევა.

"პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, არ დადასტურებულა არც ერთი ოფიციალური წყაროთი პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებებიდან. საზღვრებთან შექმნილი მიმდინარე სიტუაციის მონიტორინგი და ანალიზი არ აფიქსირებს ამ სახის აქტივობას. ამაზე მიუთითებს უცხოელ პარტნიორებთან სპეცსამსახურების მოპოვებული ინფორმაციის გაცვლაც." – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება "საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის" ელემენტია და მისი მიზანი საზოგადოებაში შიშის და პანიკის გამოწვევაა.

გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი ჩააქვს, რომელიც დაჭრილებისთვის არის საჭირო. მანამდე WSJ-მა კი 28 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გაგზავნა. 

მედიის ანონიმური წყაროს თქმითვე, აშშ-ში იზრდება შეშფოთება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს, იმის ფონზე, რომ საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.

საკითხზე, აპირებს თუ არა რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმას, ისაუბრა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. 

"ჩვენ არ გვჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიღებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ძალები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, მას ახლა ნათლად აქვს შესაძლებლობა". – თქვა მან.   

28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება, თუმცა, რუსეთი მისი ინტერესების იგნორირების უფლებას არავის მისცემს. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები