ცესკო

იურიდიულმა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე რეკომენდაცია კალანდარიშვილს გაუწია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე რეკომენდაცია მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს გაუწია. 

გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია. 

ასევე, კომიტეტის წევრებმა ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწიეს რეკომენდაცია. ორივე კანდიდატს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი. წევრებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძეს. 

საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე 22 იანვარს წარუდგინა. მანამდე კი პრეზიდენტს სამი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი, თენგიზ თევზაძე და თამაზ ფოლადაშვილი საკონკურსო კომისიამ წარუდგინა.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა (TI, ISFED, IDFI, საია). ისინი მიიჩნევენ, რომ შერჩევის პროცესი ფორმალურია, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია.

15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, თუ პირველ კენჭისყრაზე კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, შემდეგ კენჭისყრაზე ყოველგვარი სავალდებულო დროის შუალედის გარეშე  პარლამენტი სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით შეძლებს კანდიდატის თანამდებობაზე არჩევას. TI-ის შეფასებით, ეს პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს  საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება.

კომენტარები