ცესკო

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა

თენგიზ თევზაძე, გიორგი კალანდარიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა, ხოლო თევზაძე სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დირექტორი. პრეზიდენტმა პარლამენტს ასევე წარუდგინა ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პარლამენტში კანდიდატებს საკომიტეტო სხდომაზე მოუსმენენ, შემდეგ კი დეპუტატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი წარუდგინა, კალანდარიშვილსა და თევზაძესთან ერთად წარდგენილი კანდიდატი იყო თამაზ ფოლადაშვილიც.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა (TI, ISFED, IDFI, საია). ისინი მიიჩნევენ, რომ შერჩევის პროცესი ფორმალურია, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია.

15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, თუ პირველ კენჭისყრაზე კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, შემდეგ კენჭისყრაზე ყოველგვარი სავალდებულო დროის შუალედის გარეშე  პარლამენტი სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით შეძლებს კანდიდატის თანამდებობაზე არჩევას. TI-ის შეფასებით, ეს პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს  საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება.

კომენტარები