დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კანადა უკრაინას იარაღით დაეხმარება, სპეციალური მისიის კონტინგენტს 400 კაცამდე გაზრდის

ოპერაცია UNIFIER-ის კანადელი წევრები უკრაინაში, 2018 წელი
canada.ca

კანადა უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს, ასევე, გაზრდიან უკრაინაში გაგზავნილი სპეციალური საწვრთვნელი მისიის კონტინგენტს. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, კანადის მთავრობის ბრიფინგზე.

კანადის მთავრობა გეგმავს უკრაინაში მივლენილი სპეციალური სასწავლო ოპერაციის, UNIFIER-ის კონტინგენტის გაორმაგებას, 400 სამხედრომდე გაზრდას. ახლო მომავალში უკრაინაში დაახლოებით 60 კანადელი სამხედრო ჩავა. კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, თავად UNIFIER-ის მისია 3 წლით გახანგრძლივდება. 

აღსანიშნავია, რომ UNIFIER-ის მისია ემსახურება უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, გამოცდილების გაცვლითა და ერთობლივი სამხედრო სწავლებებით. კანადელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნილი არიან, როგორც მრჩევლები და კონსულტანტები. 

კანადის ფინანსთა მინისტრმა, ქრისტინა ფრილანდმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ რუსული აგრესია ეხება კანადის ეროვნულ ინტერესებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი ამბობს, რომ კანადა მონდომებულია კონფლიქტი დიპლომატიური გზებით გადაიჭრას. 

პრემიერმა ტრუდომ ასევე თქვა, რომ კანადა უკრაინას არალეტალური იარაღით, დაზვერვის ინფორმაციითა და კიბერთავდასხმებთან ბრძოლაში დაეხმარება. ასევე კიევი მიიღებს დაახლოები 39.5 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას. ამას გარდა, გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინას $120-მილიონიანი სესხით დაეხმარება.

ჯასტინ ტრუდომ რუსეთის ფედერაციას დაძააბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა.

გასულ კვირაში კანადურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანადამ უკრაინაში სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მცირე კონტინგენტი გადასხა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები