დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Global News: კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა

კანადის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის სამხედრო 

კანადურის მედიის, Global News-ის ინფორმაციით, კანადამ უკრაინაში სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მცირე კონტინგენტი გადასხა.

კანადური მედიის ანონიმური წყაროს თქმით, კანადის სპეცრაზმის უკრაინაში გაგზავნა არის NATO-ს მცდელობის ნაწილი, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ასევე, კონტინგენტის მიზანია უკრაინისთვის დასახმარებელი გზების განსაზღვრა. წყაროს ცნობით, დანაყოფს ასევე დავალებული აქვს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, კანადის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ევაკუაციაში დაეხმაროს.

Global News-ი წერს, რომ მათ არც კანადის მთავრობაში და არც სპეციალური ოპერაციების დანაყოფში სამხედროთა მცირე ჯგუფის გაგზავნა არ დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები ჩართული არიან უკრაინისთვის ფართო დახმარების გაწევაში. 

"(კანადის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის სარდლობა) არის შეიარაღებული ძალების უკრიანის უშიშროების ძალებისთვის დახმარების ძალისხმევის ნაწილი", – უთხრა Global News-ს მაიორმა ამბერ ბინომ.

მაიორმა აღნიშნა, რომ კანადური სპეცრაზმი უკრაინელ კოლეგებს 2020 წლიდან ავარჯიშებდა, თუმცა კანადური მედია აღნიშნავს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში 9 იანვარს გადასხმული სპეცრაზმელები არ არიან გაგზავნილი წვრთნების ჩასატარებლად.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები