კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: საკმაოდ რეალურია, რომ 1 თვეში ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს

"საკმაოდ რეალურია" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV იმედის კითხვას, რამდენად რეალურია, რომ ერთ თვეში COVID 19-ით ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც მიმდინარე ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს გადასცდა. 26 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013-ია, თუმცა, NCDC-ის დირექტორის თქმით, სხვადასხვა მათემატიკური მოდელირება აჩვენებს, რომ რეალურად ქვეყანაში ბევრად მეტს აქვს კორონავირუსი და ტესტით ინფიცირებულთა მხოლოდ 30-40% ვლინდება.

100 013 მიმდინარე პაციენტიდან 4 651 პირი კლინიკებში მკურნალობს, 2 023 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 93 339 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია  999, მათგან 283 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების  1 092 684 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 977 832 პაციენტი და გარდაიცვალა –  14 813.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

 

კომენტარები