კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძემ შეცდომა დაუშვა – ბრძანებაში COVID-პასპორტებზე სხვა რამ წერია

Public Service Hall / იუსტიციის სახლი / Facebook

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 25 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე COVID-ტესტირებასა და მწვანე ბარათების შესახებ საუბრისას შეცდომა დაუშვა – ბრძანებაში COVID-პასპორტებზე სხვა რამ წერია.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 29 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით, მწვანე სტატუსის მქონედ ჩაითვლებიან ის პირებიც, რომელთა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ COVID-19-ზე ტესტირების ელექტრონულ მოდელში.

გამყრელიძის სიტყვები განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც და მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანება გამოაქვეყნა.

"მინისტრის 11 იანვრის N01-9/ო ბრძანებით დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი.

აღნიშნული პირები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და მწვანე ბარათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:

  • ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში;
  • ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;
  • გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ელექტრონულ ბაზაში;

ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას". – ნათქვამია NCDC-ის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კოვიდგადატანილის სტატუსსა და მწვანე პასპორტს პირები, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, თუმცა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

განცხადების შემდეგ გამყრელიძემ IPN-თან განმარტა, რომ მწვანე პასპორტებს არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის. ტაბულა დამატებითი განმარტებისთვის გამყრელიძესთან დაკავშირებას ცდილობს.

არსებული რეგულაციით, საქართველოში მწვანე სტატუსით სარგებლობენ ორჯერადად აცრილი მოქალაქეები, ასევე 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენისა და 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR ტესტების უარყოფითი პასუხის მფლობელები. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უვადო მწვანე სტატუსი ენიჭებათ კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც.

კომენტარები