კორონავირუსი საქართველოში

სიმპტომებიან პირს, რომელსაც ტესტი არ გაუკეთებია და ექიმი მეთვალყურეობდა, COVID-პასპორტი ექნება

Public Service Hall / იუსტიციის სახლი / Facebook

პირები, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, თუმცა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, ვირუსი გადატანილად ჩაეთვლებათ და მწვანე პასპორტს მიიღებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, თუ არ არის გატესტილი, მაგრამ მას ჰქონდა სიმპტომები, ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე მას ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან ბაზაში მწვანე პასპორტისთვის და მოგზაურობისთვის". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, NCDC-მ საბჭოზე წარადგინა წინადადება, რომ 1 თებერვლიდან დროებით შეჩერდეს უსიმპტომო ადამიანების სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა.

არსებული რეგულაციით, საქართველოში მწვანე სტატუსით სარგებლობენ ორჯერადად აცრილი მოქალაქეები, ასევე 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენისა და 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR ტესტების უარყოფითი პასუხის მფლობელები. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უვადო მწვანე სტატუსი ენიჭებათ კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც.

კომენტარები