ევროპული საქართველო

ბოკერია: რუსეთის სამიზნეა არამარტო უკრაინა ან საქართველო, არამედ – ევროატლანტიკური წესრიგი

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ტელეკომპანია მთავარის გადაცემაში დღის სტუმარი ისაუბრა. ბოკერიას თქმით, თავისუფალ სამყაროს მუდმივად უნდა ესმოდეს გზავნილი, რომ პუტინის სამიზნე მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოების წესრიგია.

"ეს აგრესია არ არის აგრესია მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს პირდაპირ ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ასევე ჩვენს ინტერესებშია, რომ თავისუფალ სამყაროს მუდმივად ესმოდეს ეს გზავნილი, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, რომ პუტინის სამიზნე არის არამხოლოდ უკრაინა, ან საქართველო, ან ყველა მეზობელი ქვეყანა, არამედ ის წესრიგი, რომელიც ცივ ომში საბჭოთა კავშირის დამარცხებას მოჰყვა. ამის შეცვლა უნდა [რუსეთს]. მისი სამიზნე არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების წესრიგი." – თქვა პოლიტიკოსმა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ თავის მიზნებზე ვლადიმირ პუტინმა მიუნხენში 2007 წელს საჯარო გამოსვლის დროს ისაუბრა და ამ მიზნებში იყო ცივი ომის დროინდელი გავლენის დაბრუნება. მისივე თქმით, რუსეთს თავის საზღვრებთან წარმატებული სახელმწიფოებრიობის დაშვება არ სურს.

"NATO-ში გაწევრიანების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ხშირად ვიმეოროთ, რომ ის კონცეფცია, რომ NATO-ს გაფართოების საფრთხემ და NATO-ს გაფართოებამ გამოიწვია, რუსეთის თუნდაც არაადეკვატური რეაქცია, მცდარია. რუსეთის სამიზნე არის ნებისმიერის წარმატება მის საზღვრებთან და საბოლოო ჯამში, მთლიანად ევროატლანტიკური წესრიგი. ამ საქმეში მას ხელს უშლის NATO და ამიტომ არის NATO-ს გაფართოების წინააღმდეგი და არა პირიქით, რომ NATO-ს გაფართოებამ გამოიწვია ეს აგრესია. რასაც ჩვენი ქვეყნის შიგნითაც ჩვენი პრორუსული ან გულუბრყვილო, შეუგნებლად ან შეგნებულად, პროპუტინული პროპაგანდის ავტორები ხშირად ამბობენ და ამ პროპაგანდის ავტორები არიან დღეს ხელისუფლებაში." – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, NATO-ს გაფართოება სწორედ რუსეთის შეკავებისთვის არის საჭირო და რუსეთის აგრესიის სამიზნე ხდებიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ღიად ამბობენ უარს NATO-ზე, მაგალითად მოლდოვა.

გიგა ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ქართული მხარის განცხადებები არის მინიმალური მხარდაჭერის გამოხატვა.

"ეს არ არის ხმის ამოღება, ეს არის მინიმალური ხარკი, სქოლიოში რაღაცას რომ მიუთითებ. ასეთ ვითარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. [...] ამ ვითარებაში პრემიერმინისტრის დონეზე თუ არ არის აწეული რეაქცია, თუ არ არის პრემიერმინისტრის ვიზიტი კიევში და ერთობლივი მოქმედებები უკრაინასთან ერთად ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება ამ ხელისუფლების მხრიდან." – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მორალური, არამედ პრაგმატული თვალსაზრისითაც.

"პრაგმატულადაც თუ ჩვენ არ ვართ რადარზე ასეთი ყურადღებას დროს, თუ ჩვენ არ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კონტექსტში ზოგადად რუსეთის საფრთხეს ჩვენს რეგიონშიც ხედავდეს დასავლეთი, ჩვენ თუ მოგვადგებიან, მოგვადგებიან კიდევ უფრო აგრესიულად. დღესაც მომდგარი არიან, ამით ხომ არ დაკმაყოფილდებიან? მთლიანად ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა უნდათ. მაშინ როგორღა გვექნება რესურსი ყურადღებას მიიპყრობს, ახლა თუ არ ვიმოქმედეთ. პრაგმატულად გვჭირდება პოზიციის დაკავება." –თქვა ბოკერიამ.

პოლიტიკოსის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა, მიღებული იყოს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია იქნება "ორთქლის გამოშვება, რომ ოცნებამ თქვას – აი, რაღაც ვქენით". ბოკერიას თქმით, საპარლამენტო რეზოლუცია ვერ ჩაანაცვლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაბიჯებს.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები