დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: უკრაინაში შეჭრა სისხლიანი იქნება, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი გახდეს

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მოსკოვში, წითელ მოედანზე, წმინდა ბასილის კათედრალთან
Stefan Rousseau/AFP

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაზე თავდასხმა კრემლისთვის კატასტროფული იქნება და შეიძლება ეს რუსეთისთვის "ახალი ჩეჩნეთი" გახდეს.

ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა დაზვერვის ინფორმაციას უკრაინის საზღვრებთან რუსული საბრძოლო ჯგუფების განლაგების შესახებ.

"დაზვერვის ინფორმაცია ცხადია, რომ უკრაინის საზღვრებთან 60 რუსული საბრძოლო ჯგუფია. ელვისებური ომის გეგმას, რომლითაც შეიძლება კიევი აიღონ, ყველა ხედავს. კრემლს ცხადად უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს იქნება უბედურების მომტანი ნაბიჯი", – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა. 

ჯონსონმა ასევე ახსენა ბრიტანეთის წამყვანი როლი რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბრიტანეთი ამ საკითხთან დაკავშირებით აწარმოებს კონსულტაციებს საკუთარ პარტნიორებთან. ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ ამას გარდა, მნიშვნელოვანია მოსკოვს დაანახონ, რომ უკრაინაზე თავდასხმა კატასტროფულ შედეგებს მოუტანთ და შესაძლოა ეს მათთვის ახალი ჩეჩნეთის ომი გახდეს.

"ჩვენ ასევე უნდა გავგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა, რუსეთის გადმოსახედიდან, იქნება მტკივნეული, დაუნდობელი და სისხლისმღვრელი საქმე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი იყოს. უკრაინაში რამდეჯერმე ვარ ნამყოფი, ცოტათი ვიცნობ ამ ქვეყნის ხალხს და ჩემი შეფასებით, ისინი იბრძოლებენ", – აღნიშნა ბორის ჯონსონმა. 

ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომს 1994-2000 წლებში ორივე მხარეს ათასობით სამხედროსა და ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასიათასობით ადამიანი კი ლტოლვილი გახდა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს;

ასევე – სტრატეგიად ვერგადაქცეული დასავლური იდეალების კრიზისი – ინტერვიუ დამირ მარუშიჩთან.

კომენტარები