NATO- საქართველო

გერმანელი ადმირალი: ჭკვიანური არ არის საქართველოს NATO-ში მიღება

გერმანიის საზღაო ძალების სარდლის, ვიცეადმირალ კაია-ახიმ შენბახის თქმით, უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია, ხოლო ალიანსში საქართველოს გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ჭკვიანური არ არის.

"უკრაინა, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს, რადგან ის ოკუპირებულია. დონბასის რეგიონი ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ, როგორც თავად უწოდებენ, სახალხო არმიის მიერ. საქართველოს სურს, რომ გახდეს წევრი. დიახ, ის აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაგრამ ჭკვიანურია მისი NATO-ში მიღება? არა, არ არის". – თქვა კაია-ახიმ შენბახმა.

გერმანიის საზღვაო ძალების ადმირალის განმარტებით, ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში სხვა მდგომარეობა იყო, ხოლო ფინეთსა და შვედეთს სრული უფლება აქვთ, რომ თუ მოისურვებენ, NATO-ში გაწევრიანდნენ.

"რაც პუტინს ნამდვილად სურს, პატივისცემაა და ღმერთო ჩემო, ვინმეს პატივისცემა ძალიან დაბალი ფასია, თითქმის არაფერი". – თქვა კაია-ახიმ შენბახმა.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ადმირალ კაია-ახიმ შენბახის სიტყვები არ შეესაბამება ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას და მან განმარტება უნდა გააკეთოს.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები