დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Bloomberg: დაძაბულობის ფონზე, აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას განიხილავს

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, აშშ-ს საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს, ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.

გეგმის თანახმად, დიპლომატების ოჯახის წევრები მიიღებენ ბრძანებას ქვეყნის დატოვების შესახებ, საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის კი უკრაინაში დარჩენა ნებაყოფლობითი იქნება. Bloomberg-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საელჩო კიევში 180 ამერიკელ მოქალაქეს და 560 უკრაინელს ასაქმებს, თუმცა საელჩოს ოფიციალურ მონაცემებში მითითებული არ არის დიპლომატების ოჯახის წევრების რაოდენობა და სავარაუდოა, რომ კიევში გაცილებით მეტი ამერიკელი მოქალაქე იყოს. 

თეთრი სახლის ანონიმური წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, დაძაბულობისა და საფრთხის გათვალისწინებით, გონივრული და მოსალოდნელია.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები