ნორვეგია

ბრეივიკმა პირობით გათავისუფლებისთვის სასამართლო პროცესი ნაცისტური მისალმებით დაიწყო

ანდერს ბერინგ ბრეივიკი
Reuters

ნორვეგიაში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც გადაწყვეტს, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ტერორისტი ანდერს ბერინგ ბრეივიკი 21-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ. სასამართლოს დარბაზში შესული ბრეივიკი დამსწრეებს ნაცისტური სალამით მიესალმა. მას ასევე ჰქონდა ინგლისურ ენაზე ამობეჭდილი ლოზუნგები "შეწყვიტეთ გენოციდი თეთრი ერების წინააღმდეგ" და "ნაცისტური სამოქალაქო ომი".

ბრალდების მხარემ 2012 წელს გამოტანილ განაჩენს გაუსვა ხაზი, რომელიც აღნიშნავს, რომ მაქსიმალური სასჯელის მოხდის შემდეგაც ბრეივიკი საზოგადოებისთვის საშიში იქნება.

ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. 8 ადამიანის სიცოცხლე ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა. 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, ბრეივიკმა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს მოკლა. მას ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით.

სასამართლოს წინაშე საუბრისას ბრეივიკმა თავის დანაშაულში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მიერ ონლაინ რადიკალიზაცია დაადანაშაულა.

"ტვინი გამომირეცხეს. ბრძანება მესამე რაიხის აღდგენა იყო და ის თუ როგორ გააკეთებდა ამას, ჯარისკაცის გადასაწყვეტი იყო." – თქვა ბრეივიკმა.

ბრეივიკის თქმით, გათავისუფლების შემდეგ ის ნაცისტური იდეებისთვის ბრძოლას კვლავ გააგრძელებს, თუმცა უკვე მშვიდობიანად.

პროკურორის, ჰულდა კარლსდოტირის თქმით, ბრალდების მხარის პოზიციაა, რომ საზოგადოების დაცვისთვის ბრეივიკის პატიმრობა უნდა გაგრძელდეს.

სასამართლო პროცესი მაქსიმუმ 4 დღე გაგრძელდება, გადაწყვეტილება ცნობილი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას იქნება. თუ ბრეივიკს არ გაათავისუფლებენ, მას შეუძლია, კიდევ ერთი პირობით გათავისუფლების მოსმენისთვის განაცხადი მომავალ წელს გააკეთოს.

გასულ წელს ოსლოს სახელმწიფო პროკურორის ოფისმა ბრეივიკს ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადის მიღებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ბრეივიკმა სააპელაციო სასამართლოში თავის უფლებებთან დაკავშირებული საქმე წააგო. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომ მისი იზოლაცია სამოთახიან საკანში არაადამიანური იყო. ბრეივიკის სარჩელი არ მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

კომენტარები