NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი ქვეყნის დახმარება ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე მთხოვეს. ფრთხილად გავითვალისწინე ახლანდელი დაბრკოლებები, რომლებსაც ვაწყდებით, და გადავწყვიტე, რომ პრემიერმინისტრ შთიორეს მოთხოვნას დავთანხმდე და მის ფინანსთა მინისტრად ვიმსახურო". - თქვა სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესრელიზის თანახმად,
სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ დროებით მიუნიხის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს და დაუბრუნდება, როდესაც მინისტრი აღარ იქნება.
"გუნდი მზად არის, რომ ნორვეგიას საპასუხისმგებლო დროს გაუძღვეს. [...] გავატარებთ პოლიტიკას, რომელსაც ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალური გავლენა ექნება და ვაცნობიერებთ მსოფლიოში არსებულ არასტაბილურობას, რომელსაც ნორვეგიაზე, როგორც მცირე ქვეყანაზე, გავლენა აქვს". - თქვა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იუნას გარ შთიორემ რეპორტიორებთან საუბრისას.
ნორვეგიის მთავრობის კაბინეტი მმართველი კოალიციიდან ცენტრის პარტიის გასვლისა და აშშ-სა და EU-ს შორის შესაძლო სავაჭრო ომის ფონზე შეიცვალა.
სტოლტენბერგს, რომელიც 2000-2001 და 2005-2014 წლებში ნორვეგიის პრემიერმინისტრი იყო, 1996-1997 წლებში ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა.
მარკ რუტემ სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბერს ჩაანაცვლა. სტოლტენბერგი თანამდებობას 2014 წლიდან, 10 წლის განმავლობაში იკავებდა. ამ წლების განმავლობაში მისი მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა.
სტოლტენბერგი 2022 წელს ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველი უნდა გამხდარიყო, თუმცა აშშ-ს იმდროინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნით NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩა.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს სტოლტენბერგმა ის დაარწმუნა, რომ NATO არ დაეტოვებინა.