კვენტინ ტარანტინო

კლიფ ბუთი VS ბრიუს ლი – ნაწყვეტი კვენტინ ტარანტინოს წიგნიდან "ერთხელ ჰოლივუდში"

IndieWire

2019 წელს კვენტინ ტარანტინოს ამ ეტაპზე ბოლო ფილმი ერთხელ ჰოლივუდში გამოვიდა. სურათის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ბრედ პიტის გმირის, კლიფ ბუტისა და ლეგენდარული ბრიუს ლის ჩხუბია. ერთი წლის შემდეგ რეჟისორმა იგივე სახელწოდების წიგნი გამოუშვა, რომელშიც ფილმში ნაჩვენები სამყარო უფრო დეტალურად არის წარმოჩენილი.

წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ტარანტინოს ბესტსელერიდან:

"კლიფისა და ბრიუსის ჩხუბი მწვანე კრაზანის გადასაღებ მოედანზე მოხდა. ბრიუსი ტრადიციულად გადამღები ჯგუფის ყურადღების ცენტრში იყო და საკუთარ საგმირო საქმეებზე ლაპარაკობდა. ვიღაც დაინტერესდა შეძლებდა თუ არა ბრიუს ლი მუჰამედ ალის დამარცხებას. ამ კითხვით ბრიუსს ხშირად მიმართავდნენ და ყველა ჯერზე მსახიობი სხვადასხვანაირად პასუხობდა. ბრიუსი ალის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ისიც იცოდა, რომ რინგზე ალი მას ერთი დარტყმით მოკლავდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, თვლიდა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვერ დაამარცხებდა, ამიტომ იმ დღეს, გადასაღებ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ასე უპასუხა:

– ერთ ოთახში რომ ჩაგვკეტონ და წესების გარეშე ვიბრძოლოთ, აუცილებლად გავთიშავ.

კლიფს მსახიობის ნათქვამზე ხმამაღლა გაეცინა.

– რა გაცინებს? – იკითხა ბრიუსმა

კლიფმა კონფლიქტის არიდება სცადა.

– მისმინე მეგობარო, მე აქ სამუშაოდ ვარ მოსული.

ბრიუსი პასუხით არ დაკმაყოფილდა.

– ხო, მაგრამ შენ ჩემს ნათქვამზე გაიცინე და სასაცილო არაფერი მითქვამს.

– მე ვფიქრობ რომ გითქვამს.

–და რა არის ჩემს ნათქვამში სასაცილო? – იკითხა გაბრაზებულმა ბრიუსმა.

"კარგი, დავიწყოთ" - გაიფიქრა კლიფმა.

– ვფიქრობ, სირცხვილია თვლიდე, რომ ჩხუბის შემდეგ შენგან მუჰამედ ალის საცვალზე დარჩენილი სველი ადგილის მეტი რამე დარჩება.

ყველა ბრიუსს მიაშტერდა.

კლიფი მიხვდა, რომ სამსახური დაკარგა, ამიტომაც გადაწყვიტა ბოლომდე გართობილიყო:

– შენნაირი მუწუკი მძიმეწონოსან ჩემპიონს გათიშავს? გამო**რებული მსახიობი დაამარცხებს ალის? ალის თავი დავანებოთ, ჯერი კუორი მიწაში ლურსმანივით ჩაგაჭედებს. ერთს გკითხავ კატო(ბრიუს ლის პერსონაჟის სახელი მწვანე კრაზანიდან): ოდესმე მაგრად მოგხვედრია?

– არა, არ მომხვედრია, კასკადიორო. იმიტომ, რომ, ვერავინ შეძლო ჩემთვის ხელის დარტყმა. – უპასუხა გაბრაზებულმა ბრიუსმა.

– მასეც ვიცოდი – თქვა კლიფმა და გაშტერებულ გადამღებ ჯგუფს თვალი მოავლო. – ვერ ვიჯერებ რომ ამ მუწუკის ბჟუტურის გჯერათ.

შემდეგ ბრიუსისკენ შეტრიალდა:

– აზრზე მოდი, ძმაო. შენ უბრალოდ მსახიობი ხარ! სახეში მოგხვდება – ბრძოლა შეწყდება, კბილი მოგტყდება – ბრძოლა შეწყდება. ჯერი კუორიმ მოტეხილი ყბით მუჰამედ ალისთან ხუთი რაუნდი გაძლო. იცი რატომ? იმიტომ რომ მას გააჩნია ის, რის შესახებ შენ არც კი გაგიგია – სულისკვეთება!

ბრიუსმა მაგარი ბიჭის დგომა მოირგო, მიწას ჩააშტერდა, თავი გაიქნია, შემდეგ კლიფს თვალი გაუსწორა და ღიმილით უთხრა:

– დიდი პირი გაქვს კასკადიორო. დიდი სიამოვნებით მოგაკეტინებდი, მაგრამ ჩემი ხელები სასიკვდილო იარაღად არის დარეგისტრირებული. ეს კი იმას ნიშნავს, თუ ვიჩხუბებთ და შემომაკვდები, ციხეში ჩაჯდომა მომიწევს.

კლიფი გაჩუმებას არ აპირებდა:

– ნებისმიერი, ვინც ვინმეს ჩხუბში მოკლავს ციხეში ჩაჯდება. ამას არა განზრახ მკვლელობა ქვია. და ჩემი აზრით ბოდვა "სასიკვდილო იარაღის" შესახებ ჩვეულებრივი ტ*აკის თამაშია, რომელიც შენნაირმა ბალერონებმა ჩხუბისგან თავის ასარიდებლად მოიგონეს.

ეს უკვე ნამდვილი გამოწვევა იყო. ამიტომ ბრიუსმა კლიფს მეგობრული ორთაბრძოლა შესთავაზა. სამი რაუნდი, ორ გამარჯვებამდე. არავინ არავის არაფერს მოტეხავს. რაუნდი რჩება, როდესაც მეტოქე დაეცემა. კლიფი დათანხმდა.

აღგზნებული ბრბოს თანდასწრებით მებრძოლებმა გახურება დაიწყეს. ბრიუსმა არ იცოდა, რომ სამიდან ორ გამარჯვებამდე კლიფის საყვარელი სპორტის სახეობა იყო. ძირითადად მსგავსი ორთაბრძოლები კლიფს ღამის პირველ საათზე, ბარების პარკინგებზე უწევდა. კლიფს ასეთ ბრძოლებისთვის მზაკვრული ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.

ტექნიკა მარტივი იყო. 

კლიფი პირველ რაუნდს თმობდა.

კიდევ კლიფმა იცოდა, რომ მსგავს ბრძოლაში, მეტოქე პირველივე რაუნდში თავის საუკეთესო დარტყმას გამოიყენებდა. თუ კლიფი კარგად ითამაშებდა ბარის იდიოტის როლს, რომელმაც ჩხუბი არ იცის, ოციდან ცხრამეტ შემთხვევაში მომდევნო რაუნდში მეტოქე იგივენაირად დარტყმას ეცდებოდა, რომელსაც კლიფი აუცილებლად აიცილებს და მებრძოლს ტრ*კზე დასვამს.

რაც შეეხება ბრიუსს, თეთრკანიანი თავხედის ტრავმირება არ უნდოდა. ამ შემთხვევაში მას დიდი უსიამოვნებები შეექმნებოდა. კასკადიორები აქამდეც ჩიოდნენ ბრიუსზე, მასთან მუშაობა თითქმის არავის უნდოდა. ახლო წარსულში ერთ-ერთი ტრიუკის შესრულებისას მან დამდგმელ მხატვარს ყბა მოტეხა. მსგავსი რამის განმეორების შემთხვევაში, ბრიუსი ხვდებოდა, რომ დაენძრეოდა.

პატარა დრაკონმა გადაწყვიტა რამე უმტკივნეულო, მაგრამ ლამაზი გაეკეთებინა, რათა დამსწრე საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ბრიუსს, როგორც სხვა არავის შეეძლო ჰაერში ახტომა და გაჩერება. მან გადაწყვიტა ამხტარიყო და კლიფისთვის წიხლი მკერდში ეთავაზებინა. თეთრი ნაბ**ვარი აუცილებლად უკან გადავარდებოდა და ტრ*კზე მოჯდებოდა.

ზუსტად ასეც მოხდა, მან ერთი დარტყმით დააგდო კლიფი და შესაბამისი ოვაციებიც დაიმსახურა. 

– კარგად ცეკვავ, მოდი ერთიც ვცადოთ - თქვა კლიფმა და ფეხზე წამოდგა.

"მშვენიერი, კიდევ ერთხელ დავარტყამ მკერდში, მთავარია ამ საქონელმა კუდუსუნი არ მოიტეხოს". – გაიფიქრა ბრიუსმა

და აი ის მეორედ ახტა ჰაერში, მაგრამ მოულოდნელად კლიფი მთელი სხეულით შეტრიალდა, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი ფაქტიურად მტერს ხელში ჩაუვარდა. კლიფმა მეტოქეს ხელები ფეხსა და ქამარში ჩაავლო და მთელი ძალით დაპარკინგებული მანქანისკენ მოისროლა.

ბრიუსმა დაჯახების მომენტში ზურგიდან ამომავალი ტკაცუნის ხმა გაიგო. მას ძალიან ეტკინა. ბრიუსს არ უნდოდა კლიფის ტრავმირება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კლიფს ძალიან უნდოდა ბრიუსის ტრავმირება. 

მსახიობი ფეხზე ძლივს წამოდგა და შეამჩნია, რომ კლიფი მესამე რაუნდისთვის ემზადება. მის დგომაში ბრიუსმა სამხედრო მომზადება ამოიკითხა. 

ბრიუსი საშინლად გაბრაზებული იყო ნაბი**არზე. ამასთანავე ბრიუსი ყველაფერს მიხვდა, მის წინაშე არ იყო ვიღაც სამუშაოდ ჩამოსული სოფლელი, კლიფმა იცოდა რას აკეთებდა. ბრიუსი იმასაც მიხვდა, რომ კასკადიორმა პირველი რაუნდი სპეციალურად დათმო. 

და მთავარი, რასაც ბრიუსი მიხვდა, ის იყო, რომ კლიფი ყველა მისი სპორტსმენი მეტოქისგან განსხვავდებოდა. 

მის წინაშე მკლელი იდგა.

ბრიუსი მიხვდა, რომ კლიფს შიშველი ხელებით ადრეც მოუკლავს ადამიანი.

იმასაც მიხვდა, რომ კლიფი საკუთარ თავში ებრძვის ინსტინქტს, რომელიც ბრიუს ლის მოკვლას სთავაზობს.

ოსტატს ბევრჯერ უფიქრია ამ დღეზე. დღეზე, როდესაც მას საკუთარი სიცოცხლის დაცვა შიშველი ხელებით მოუწევს. და ეს დღე დადგა.

საბედნიეროდ მესამე რაუნდი ჩაიშალა. მებრძოლები კასკადიორების ხელმძღვანელის ცოლმა გააშველა…  

კომენტარები