სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

გახარია ინსპექტორის გაუქმებაზე: არ არსებობს გზა, რომ ოცნებამ ამას თავი დააღწიოს

"არ არსებობს გზა, რომ ქართულმა ოცნებამ ამას თავი დააღწიოს" – ასე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

"მთავრობამ დაჩქარებული წესით გააუქმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ხელისუფლება სახიფათო გზავნილს უგზავნის დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს სახელმწიფოს ძალადობის პირისპირ დაუცველად ტოვებს. არ არსებობს გზა, რომ ქართულმა ოცნებამ ამას თავი დააღწიოს. მადლობა ლონდა თოლორაიასა და მის გუნდს სამსახურისთვის". – წერს გახარია.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა კანონპროექტი სამივე მოსმენით ორ დღეში განიხილა და დაამტკიცა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

კომენტარები