მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: თუ რუსთავის ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდება, გლდანში გადავიყვანთ

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერეს. 

"როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და ბუნებრივია პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როცა დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია შესაბამისი ჰოსპიტლიდან".- თქვა ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, გლდანის ციხეში მოათავსებენ. 

"თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთლეობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში".- ამბობს ბრეგაძე. 

მინისტრის თქმით, სააკაშვილმა პენიეტნციურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა "მათ კანონიერ მოთხოვნას". მისივე თქმით, უწყება არ არის ვალდებული სააკაშვილის ადვოკატებს გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. 

"როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება, რა თქმა უნდა, არ ხდება ადვოკატებთან.  ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა და ადვოკატს შეუძლია მოინახულოს კანონით გათვალისწინებული წესით. სამუშაო დღეების განმავლობაში და იქ განსაზღვრულია საათებიც. ეს არ არის საჭირო და ისე ნუ წარმოაჩენთ თითქოს საჭირო იყო და პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია".- ამბობს ის. 

მისივე თქმით, "ძალისმისმიერი მეთოდებით" სააკაშვილის გადაყვანა არავის უცდია. 

"მიხეილ სააკაშვილი გაწერილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან. მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, გააცნეს მას ძალიან მშვიდ და მისაღებ ფორმებში ეს გადაწყვეტილება და ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას. ეს არ ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მაგრამ ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში, კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და როდესაც ადამიანი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც გააცნეს, სააკაშვილს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება".- ამბობს ბრეგაძე. 

27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მასთან 6 ადამიანი შევიდა და უთხრეს, რომ გადაჰყავდათ, თუმცა, ექსპრეზიდეტმა არ იცის - სად. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. 

"მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზისი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა". - წერს სააკაშვილი.  


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

 

კომენტარები