სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ლელო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს

საქართველოს პარლამენტი

ფრაქცია ლელო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტირებს - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც სამსახურის გაუქმების დაჩქარებულად განხილვას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ნაცვლიშვილის თქმით, ფრაქცია ლელოს აქვს ქართული ოცნების ინიციატივის ალტერნატიული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით.

"ფრაქცია ლელოს სახელით ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ვისარგებლოთ რეგლამენტის 108-ე მუხლით, რომელიც ეხება ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას. როგორც რეგლამენტში არის ჩაწერილი, იმ წუთიდან, როდესაც ბიურო დაიწყებს კანონპროექტის განხილვის პროცედურას, ამ მომენტიდან საკომიტეტო მოსმენამდე ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლებამოსილება. მე თან მაქვს ალტერნატიული წინადადება სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან  დაკავშირებთ და როგორ მოვიქცეთ, რომ დავარეგისტრიროთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც რეგლამენტის თანახმად ყველა შემთხვევაში პლენარულ სხდომამდე უნდა მივიდეს, ასევე კომიტეტზე უნდა იყოს მასზე მსჯელობა", - თქვა ნაცვლიშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

თოლორაია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტი ყველასთვის ცხადს ხდის, რომ ეს არ არის უბრალოდ რეფორმა, ესაა დამოუკიდებელი ინსტიტუსისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თოლორაიას განმარტებით, ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

კომენტარები