სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: ცხადია, რომ ეს არაა რეფორმა, ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის

ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტი ყველასთვის ცხადს ხდის, რომ ეს არაა უბრალოდ რეფორმა, ესაა დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თოლორაიას განმარტებით, ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

"საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის რეფორმაზე დაფიქსირებული განსხვავებული და კრიტიკული პოზიციისთვის, საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც ვითხოვდით მოხელეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და რომელთაგან არც ერთი იქნა დაკმაყოფილებული, მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ახალი სტანდარტების დანერგვისთვის, ინფორმაციის უსაფრთხოების კანონზე ჩვენი განსხვავებული პოზიციისთვის და სხვა. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება, პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული". – ამბობს თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, დაინიცირებული კანონპროექტი ძალიან საშიში პრეცედენტია, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. თოლორაია ამბობს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფ პირს, აჩენს არასტაბილურობის განცდას და წარმოადგენს ზეწოლას მათ საქმიანობაზე, – "ეს ფაქტი ყველა საჯარო მოხელისთვის არის გზავნილი, რომ კეთილსინდისიერად საქმის კეთებისთვის ერთ დღეს შეიძლება დარჩნენ სამსახურის გარეშე".

ლონდა თოლორაია განმარტავს, რომ კანონპროექტის დამტკიცება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. თოლორაიას თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.

"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული სამსახურის ინტერესის დაცვას. თუმცა, მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად". ამბობს ლონდა თოლორაია.

თოლორაია შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის შემუშაბების პროცესი იყო სრულად კონსპირაციული, მასში მონაწილეობა არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არც ერთი დარგის ექსპერს არ მიუღია.

ლონდა თოლორაიას ცნობით, მან და უწყების თანამშრომლებმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტის დაინიცირება, მედიის საშუალებით გაიგეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს 28 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო ჯარიმა დაეკისრათ. იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები