კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში ომიკრონის გავრცელების გამო 6 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

Reuters

მსოფლიოში საშობაო დასვენების პერიოდში 6 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ათასობით რეისმა კი დაიგვიანა. საიტ Flightaware.com-ის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 24 დეკემბერს 2 400 რეისი გაუქმდა, ხოლო 11 000-მა რეისმა დაიგვიანა. მომდევნო დღეს კი თითქმის 2 800 ფრენა გაუქმდა, მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 970 რეისი აშშ-ში ან აშშ-დან მიფრინავდა. შაბათ დღეს ასევე დაიგვიანა 1 100-ზე მეტმა რეისმა. 26 დეკემბერს კი გაუქმებული რეისების რიცხვმა უკვე გადააჭარბა 1 100-ს.

რეისების უმეტესობის გაუქმება კორონავირუსის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა ავიახაზებს, მათ შორის Lufthansa-ს, Delta-ს, United Airlines-ს, JetBlue-ს და Alaska Airlines-ს რეისების გადადება თანამშრომლების ავადმყოფობის გამო უწევს, გარდა ამისა პილოტებსა და ბორტგამცილებლებს ხშირად უწევთ კარანტინის გავლა Covid-19-ით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ.

"ამ კვირაში აშშ-ში ომიკრონის შემთხვევების ზრდას პირდაპირი გავლენა ჰქონდა ჩვენი ეკიპაჟების წევრებსა და სხვა თანამშრომლებზე. შედეგად სამწუხაროდ მოგვიხდა ფრენების ნაწილის გაუქმება."

ყველაზე მეტი რეისი ჩინურმა ავიახაზებმა გააუქმეს. China Eastern-მა 1 000-ზე მეტი ფრენა გააუქმა, რაც 24-26 დეკემბერს დაგეგმილი ფრენების 20%-ზე მეტია. ფრენების 20%-ის გაუქმება მოუხდა Air China-საც.

ამერიკის ავტომობილების ასოციაციის თანახმად, 23 დეკემბრიდან 2 იანვრის შუალედში 109 მილიონ ამერიკელზე მეტს ჰქონდა დაგეგმილი მგზავრობა თვითმფრინავით, მატარებლით ან მანქანით. გასულ წელთან შედარებით ეს 34%-იანი ზრდა არის. თუმცა ომიკრონის გავრცელების შედეგად ფრენების გადადების გამო და ასევე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ამინდის გაუარესებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ადამიანების გეგმები მგზავრობაზე.

კომენტარები