ღამის კლუბები

კლუბები: ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად გავაგრძელებთ მუშაობას

თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით".

მათივე თქმით, მოლოდინი არ გამართლდა და წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლით სივრცეების გახსნაზე მთავრობისგან უარი მიიღეს. 

"საკლუბო სცენის წარმომადგენლები, მოთმინებითა და პასუხისმგებლობით ველოდებოდით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და 22 დეკემბერს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლით სივრცეების გახსნაზე უარი მივიღეთ.

ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლება აანონსებს უამრავ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და შეკრებებს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შეთანხმებული წესებითა და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მექანიზმით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩვენი შეჩერებისა და დაგეგმილი წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საკლუბო სივრცეების მეიჯარეებთან კომუნიკაცია, მათგან მოითხოვენ, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც ცალსახად წარმოადგენს შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ეს გზა არ არის პრობლემის სასიკეთოდ გადაჭრის მცდელობა, თუ რა თქმა უნდა ხელისუფლების მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მისი გამწვავება, რაშიც, მათ მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ეჭვი გვეპარება.

მოვუწოდებთ სივრცის მეიჯარეებს, არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს და არ დაუშვან იმ სივრცეების გაქრობა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამ სივრცეების გაქრობა არამხოლოდ კანონის, ეთიკისა და მორალის, არამედ ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება.

რაც მთავარია, მოგიწოდებთ ჩვენის სცენის აქტიურ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს, გავერთიანდეთ ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერების, იმ საცეკვაო მოედნების გადასარჩენად, რომელიც თითოეული თქვენგანის საკრალურ მომენტებსა და ისტორიებს ინახავს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ხელმომწერები:

  • The Cultural and Creative Industries Union of Georgia
  • 4GB
  • BASSIANI
  • Boom Boom
  • Booking Agency
  • Bude
  • CAFE-GALLERY
  • Colibri
  • DAISI • დაისი
  • დედაენის ბარი
  • KHIDI
  • Kibe
  • Left Bank
  • Lisi Rest
  • Lisi Wood
  • MIONI Millennials
  • მტკვარზე • MTKVARZE
  • Monohall
  • Mzesumzira
  • რეფლექტორი / Reflector
  • ROKVA
  • Swing Festival
  • TES
  • TIVI • ტივი
  • TBILISI OPEN AIR TREEBAL

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.


17 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონიშზიებების ჩატარება ნებადართული არაა.

მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადაიდოს.

19 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები, სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. 

კომენტარები