COVID-19

ამერიკაში კოვიდის შემთხვევების 73% ომიკრონის შტამია

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლისა და პრევენცის სააგენტოს ინფორმაციით, 12-დან 18 დეკემბრამდე დაფიქსირებული კოვიდ შემთხვევების 73% ომიკრონის შტამია

ამერიკაში 20 დეკემბერს ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქრსდა. გარდაცვლილი პაციენტი არავაქცინირებული იყო. 

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა, 65-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

ასევე, 20 დეკემბერს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენიფერ ფსაკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს კონტაქტი ჰქონდა თანამშრომელთან, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ბაიდენის კოვიდტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, ის დამატებით 22 დეკემბერს დაიტესტება. 

20 დეკემებრს საქართველოში ომიკრონით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირების 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევდნენ, საიდანაც ორ პაციენტს დაუდასტურდა, – "რამდენჯერმე გადავამოწმეთ, როგორც სეკვენირებით, ასევე ტესტებით", – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზა მაინც უზრუნველყოფს ომიკრონით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაცვას, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღებით მიიღწევა.

COVID-19-ის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ვაქცინაცია რჩება". – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა

კომენტარები