პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ეროვნული თანხმობის პროცესი გამჭვირვალეა, არ არის საიდუმლო

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ე.წ შერიგების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია, რომლის წყაროც პრეზიდენტი არ არის, ხოლო "ეროვნული თანხმობის პროცესი" ღია და გამჭვირვალეა.

"პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და  მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს."

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მემკვიდრესთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის კი იყო სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ინიციატივა ე.წ "ინკლუზიური გარემოს" შექმნაზე, რომლის მიზანსაც პოლიტიკური აქტორების შერიგება წარმოადგენს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, აპირებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულოს პატიმრობაში მყოფი მისი წინამორბედი, მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას და, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა. 

კომენტარები