ღამის კლუბები

ინსპექცია: კლუბების გახსნის გადაწყვეტილება რისკების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული

შრომის ინსპექციის განცხადებით, ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

უწყების ინფორმაციით, ოფიციალურად აკრძალვის მიუხედავად რამდენიმე კლუბში ღონისძიებების გამართვის შემდეგ ისინი საკლუბო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად". – ნათქვამია განცხადებაში.

18 დეკემბერს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ღამის კლუბებმა დაგეგმილი ღონისძიებები გადადეს. სექტორის წარმომადგენლები ამ ნაბიჯს "ბოლო შესაძლო კომპრომისს" უწოდებენ.

17 დეკემბერს კლუბებში დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი გამართვა ნებადართული არ არის. ღამის კლუბებმა დაგეგმილი წვეულებები გამართეს.

7 დეკემბერს კლუბ BASSIANI-ს თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილი დაწერა, რომ 17 დეკემბრიდან კლუბები მუშაობას განაახლებდნენ.

კომენტარები