მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე: პარლამენტში უნდა შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, სასურველია პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წამების ფაქტებს გამოიძიებს.

"რამდენიმე დღის შემდეგ მინდა ჩემს კოლეგებთან კონსულტაციები მქონდეს, რათა პარლამენტში შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია, რომელიც დეტალურად დაადგენს, დოკუმენტირებულად, იმას, თუ რა მოხდა, რასთან გვქონდა საქმე. მე ვფიქრობ, ეს დოკუმენტაცია და ეს დასკვნაც უნდა გაეგზავნოს ყველა იმ საერთაშორისო ინსტიტუტს. მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილთან". - თქვა ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში.


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატების თქმით, სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოლოგიური წამების ქვეშ იყო.

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა​ აქვს, რაც პენიტენციურ სისტემაში წამების ფაქტთანაა დაკავშირებული. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზა არ აღემატება ზოგად თერაპიულ დოზას, თუმცა ისინი შეუსაბამო იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. 14 დეკემბერს სახალხო დამცვველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა თქვა, რომ სააკაშვილს შესაძლო ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აქვს.

კომენტარები