მიხეილ სააკაშვილი

ფსიქიატრი სააკაშვილზე: არ ვადასტურებ ფარმაკოლოგიურ წამებას, ამის ნიშნებს ვერ ვხედავ

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

"არ ვადასტურებ ფარმაკოლოგიურ წამებას, ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. მე ბატონი მიხეილი ვნახე ერთხელ და იმ ნახვისას ბატონ მიხეილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნებოდა". - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა მარინე კურატაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას თქვა. 

"მე სათითაოდ გავეცანი იმ მედიკამენტებს, რომელიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ და აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმალური დოზა, კეტილეფტზე ვსაუბრობ, მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც". - ამბობს კურატაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად საჭიროებს სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას, კურატაშვილი პასუხობს, რომ ამაზე საუბარი, ნაადრევია. 

"ჯერ უნდა ჩამოიწეროს მისი საჭიროებები, განისაზღვროს მის მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საჭიროებები და მერე უნდა შეფასდეს რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილება. დღეს ჯერჯერობით არ არის მწვავე მდგომარეობა და როდესაც ჩატარდება მკურნალობა და ფსიქოტერაპიაც მიეშველება ამ მკურნალობას, ვნახოთ რა მდგომარეობაში იქნება და შემდეგ შევაფასოთ კიდევ რა სჭირდება და რამდენად შეიძლება ეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდეს". - ამბობს კურატაშვილი. 

მისივე თქმით, მას აქვს პოსტტრავმული აშლილობა და საჭიროა, ფსიქოტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. რაც შეეხება, საპატიმროში სააკაშვილის დაბრუნებას, ფსიქიატრის შეფასებით, მისი მკურნალობისთვის, სჯობს, რომ მას სტრესული გარემო არ ჰქონდეს. 

"რაც შეეხება ე.წ. შუმოკებს და ბადრაგის მიერ მის ქცევას, სააკაშვილმა თავად წამოიწყო ამაზე საუბარი და ძალიან ტრავმულია მისთვის ეს, მოყვა ძალიან ემოციურად, შეიცვალა, დაიძაბა და გაღიზიანდა, ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის დღემდე ძალიან ტრავმულია. 

როცა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე ვსაუბრობთ, სტრესული გარემო სჯობს არ ჰქონდეს. ჩვენ ვთქვით, რომ როცა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. ეს ჯარ მას არ ჩატარებია, ეს დასაწყებია და რა თქმა უნდა, ერთი სეანსით ეს არ ხდება. სჭირდება ბევრი სეანსი და ამ მოკლე პერიოდში ამ სეანსებს ვერ დაასრულებს. როცა ადეკვატურია დახმარება,  80-90%-ში ხდება სრული გამოჯანმრთელება პოსტტრავმული აშლილობის". - ამბობს კურატაშვილი. 

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი სამედიცინო კითხვარის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დეპრესია აქვს. 

"არსებობს კლინიკური კრიტერიუმები, რომელიც არის საერთაშორისო კრიტერიუმები, ძალიან ნათლად არის იქ ნაჩვენები რა სიმპტომები და როგორი კომბინაციით უნდა ჰქონდეს ადამიანს ნიშნები, რომ დეპრესიის დიაგნოზი დასვა. ამის გარდა, კიდევ ეყრდნობიან ხოლმე შეფასების სკალებს, მე შევიტანე ერთ-ერთი კითხვარი, სადაც ადამიანი პასუხების რამდენიმე ვარიანტიდან თვითონ ირჩევს პასუხებს, შემდეგ ჯამდება ქულები და დგინდება დეპრესიის სიმძიმე. ამ თვითშეფასების სკალით აღმოჩნდა, რომ მას აქვს მძიმე დეპრესია, თუმცა მხოლოდ ერთი კითხვარით ვერ დავამტკიცებთ, ამიტომ გვიწერია - საშუალოდან მძიმე დეპრესიამდე". - ამბობს კურატაშვილი. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარმოადგინა.

"მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია. ფსიქიური თვალსაზრისით არის ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტტრამვული აშლილობა, ჩვენი მოსაზრებით". - ამბობენ ექიმები. 

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

კომენტარები