ენერგეტიკა

თურნავა: 2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, 2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა - დაახლოებით, 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციით. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, ჰესებთან ერთად იგეგმება ახალი თბოსადგურის მშენებლობაც.

"ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში". - აღნიშნა თურნავამ. 

ნათია თურნავას თქმით, გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც განხორციელდება 17 406 ოჯახის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში.

"შეგახსენებთ, რომ 2019-2021 წელს გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა  ჯამში 384 დასახლებულ პუნქტში, დამატებით, 88 363 აბონენტისთვის, ხოლო 2022-2024 წლებში განხორციელდება 39 698 ოჯახის გაზიფიცირება 244 დასახლებულ პუნქტში.

საერთო ჯამში, სულ 2019-2024 წლების გეგმებით დამატებით  ბუნებრივი გაზი მიეწოდება 128 061 პოტენციური აბონენტს 628 სოფელში. ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის მაგალითი იშვიათად მოიპოვება ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენ დღეს ახლოს ვართ 93%-იან გაზიფიკაციის ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის დიდი სახელმწიფო ინვესტიცია". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები