პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: ყველა პოლიტიკოსი მოლოდინშია, რომ შეიძლება დაგიჭირონ – კოორდინირებული ვიქნებით

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე ისინი კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. ხოშტარიას თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დაჩქარებული სასამართლო პროცესები, შესაძლოა, პოლიტიკური ლიდერებისა და კრიტიკული მედიის ხელმძღვანელების დაკავებით დასრულდეს, თუმცა დროას ლიდერი ამბობს, რომ ეს ოპოზიციას ვერ დაასუსტებს.

"ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზებული პროცესები, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ასე შემდეგ. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით და დღევანდელი შეხვედრაც ამის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში.

ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე. როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. ძალიან კონკრეტულ წინადადებებზე შევთანხმდით და ოპოზიცია იქნება კოორდინირებული. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალი წელს ან რაიმე სახის სხვა ბარიერებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი, გარანტიას ვაძლევთ, რომ არანაირად ეს არც შეუმჩნევლად, არც ურეაგიროდ და არც მშვიდად ქართული ოცნებისთვის არ ჩაივლის. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები". – თქვა ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია სრულად უჭერს მხარს ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და TV პირველის დამფუძნებელს, ავთო წერეთელს, რომელთა სასამართლო პროცესი ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება.

"დღეს ყველა პოლიტიკოსი საქართველოში იმის მოლოდინშია, რომ ან შეიძლება დაგიჭირონ, ან იძალადონ. არათუ ვერ გაგვტეხს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად გვიბიძგებს მოქმედებისკენ". – თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სამოქალაქო თანხმობის შესახებ და თქვა, რომ ოპოზიცია ამ პროცესში ჩასართავად მზად არის.

კომენტარები