მიხეილ სააკაშვილი

ყიფშიძე სააკაშვილზე: მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაემატა კუჭნაწლავის პრობლემები

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ მოინახულა. ექიმის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებობა არადამაკმაყოფილებელია. 

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს ანემია და რამდენიმე ახალი პრობლემა აქვს. 

"მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, გრძელდება საერთო სისუსტე, დისბალანსი, სიარულის პრობლემები აქვს. ამას დაემატა რამდენიმე ახალი პრობლემა - კუჭნაწლავის პრობლემები, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარდა და ნეიროდეფიციტი, რაც ჩემი აზრით, უკვე გამოხატულია. ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები".- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზა არ აღემატება ზოგად თერაპიულ დოზას, თუმცა ისინი შეუსაბამო იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა​ აქვს, რაც პენიტენციურ სისტემაში წამების ფაქტთანაა დაკავშირებული. 5 დეკემბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იგეგმებოდა სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ დანიშნული საძილე პრეპარატების დოზების გაზრდა და ათჯერ მეტი დოზის გამოყენება, რაც უფრო მეტ სისუსტეს და მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა.

კომენტარები