მიხეილ სააკაშვილი

ყიფშიძე სააკაშვილზე: არასტაბილურ მდგომარეობაშია, არ არის კარგად

Interpressnews.ge

"ამჟამად მისი მდგომარეობა არის საერთო სისუსტე, გამოკვეთილი საერთო სისუსტე. ასევე, არის არასტაბილურ მდგომარეობაში. ეს ახასიათებს პოსტრავმატულ სინდრომს და წამების შემდეგ მდგომარეობას. არ არის კარგად". - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა. 

ყიფშიძის თქმით, იგეგმებოდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ დანიშნული საძილე პრეპარატების დოზების გაზრდა და ათჯერ მეტი დოზის გამოყენება, რაც უფრო მეტ სისუსტეს და მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა.

"დღეს ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ იღებდა მხოლოდ ორ წამალს, ეს არ არის ისეთი ფსიქოტროპული წამლები, რომლებიც საზღვარგარეთ ფართოდ გამოიყენება. ეს ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულება არ იყო, ეს იყო საძილე საშუალება, ამის მიცემა შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს, პირველი სასამართლოს წინ. იგეგმებოდა დოზების გაზრდა და თუ არ ვცდები, ათჯერ მეტი იყო, ეს გამოიწვევდა უფრო მეტ სისუსტეს და ცუდ მდგომარეობას. თუ ამ მედიკამენტს გაზრდილი დოზით მიიღებდა ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე". - ამბობს ყიფშიძე. 

სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ყიფშიძე პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია და ამას ხელს არცერთი ექიმი არ მოაწერს. 

"ეს შეუძლებელია, არცერთი ექიმი ამას ხელს არ მოაწერს, არც საქართველოში და არც მთელს მსოფლიოში". - ამბობს ყიფშიძე. 


20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექიმებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება და მას 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. 

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესებზე მისცეს.

კომენტარები