NATO-რუსეთი

რუსეთი NATO-ს სთხოვს გააუქმოს 2008-ის პირობა, საქართველო-უკრაინის გაწევრიანებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს სთხოვს, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია ოფიციალურად უკან იქნეს წაღებული NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, იმაზე, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო უწყება ამბობს, რომ ეუთო-ს სახელმწიფოების ვალდებულებების მიხედვით, საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა იყოს გამაგრებული. 

ასევე რუსეთი აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც მათ საფრთხეს შეუქმნის. ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე. 

ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, ასევე NATO-რუსეთისა და NATO-აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლებას.

რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს გაიმართა ვიდეოშეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. მათი განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-ს პრეზიდენტი არც ერთ დათმობაზე არ წასულა.

NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2021 წელს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც მათი დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. რთული ვითარების კიდევ უფრო გამძაფრება გამოიწვია უკრაინის საზღვრებთან არსებულმა დაძაბულობამ.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები