კახა კალაძე

დეგნანი: ვიმედოვნებ, როდესაც ოლსონი კიდევ ჩამოვა, ის და კალაძე ერთმანეთს შეხვდებიან

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ მას აქვს თბილისის მერის, კახა კალაძისა და  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონის შეხვედრის იმედი, როდესაც ოლსონი თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოვა.

"მჯერა, მერმა კალაძემ განმარტა თავისი განცხადება. როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოლსონი ჩამოვიდა თბილისში ამ რანგში კავკასიის რეგიონში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, თუმცა მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა თბილისის მერს, კალაძეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ როდესაც ის კვლავ ჩამოვა თბილისში, ჩვენ შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები", – თქვა ჟურნალისტებთან კელი დეგნანმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონმა Foreign Policy-ის ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე თქვა, რომ მთავრობის ქმედებებმა ზოგ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა და ამერიკულ მხარეს ეს აღელვებს.

ოლსონის სიტყვებს გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე: "ვინ არის? ვისზე საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ?".

შემდეგში კალაძემ ეს სიტყვები განმარტა და თქვა, რომ მან არ იცოდა ასეთი თანამდებობდა და "შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია".

კომენტარები