აზარტული თამაშები

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია: ლეგალური კაზინოების აკრძალვა ე.წ. ხელზე მაზაობას დააბრუნებს

საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრის თქმით, მეორე ეტაპზე ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. 

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის თქმით, ლეგალური კაზინოების აკრძალვა მოთამაშეების არალეგალურ საიტებზე გადართვას და ე.წ. ხელზე მაზაობის პრაქტიკის დაბრუნებას გამოიწვევს. 

"თუ საქართველოში ლეგალურ ოპერატორებს შევზღუდავთ, მოთამაშე მაინც იპოვის გზას, რომ გადაერთოს სხვა, მათ შორის, არალეგალურ საიტებზე. დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობის პრინციპები, რაც ადრე იყო და ქვეყანამ დიდი გზა გამოიარა ამის აღმოსაფხვრელად.

მოსახლეობის ნაწილი ჩართულია არალეგალურ თამაშებში. ეს 120 მილიონ ლარს შეადგენს წელიწადში და ჩვენი გათვლებით, სულ მცირე ათჯერ გაიზრდება, მაგრამ აქაც კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

18-დან 25 წლამდე ადამიანი, რომელიც არალეგალურ საიტებს და მათ ბონუსებს მიეჩვია, საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდება. დღეს ბევრი საშუალებაა განახორციელო როგორც ინტერნეტ წვდომა, ისე თანხის გადარიცხვა. არ ვსაუბრობ თუნდაც პლასტიკურ ბარათებზე, ვგულისხმობ ელექტრონულ საფულეებს, კრიპტოვალუტას. უკვე ძალიან ბევრმა არალეგალურმა კრიპტო კაზინომ დაიწყო საქართველოს სივრცეში პროდუქტების რეკლამირება". – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაიშვილი.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, მთავრობის გეგმა მიზნად ისახავს აზარტული თამაშების სფეროს მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რაც კაზინოებსა და სამორინეებზე მოთხოვნის და, შესაბამისად, კომპანიების შემოსავლიანობის შემცირებას გამოიწვევს. 

გარდა პირდაპირი შეზღუდვებისა, ფინანსთა სამინისტრო დაბეგვრის სისტემის შეცვლას და კაზინოებზე საგადასახადო წნეხის მნიშვნელოვნად გაზრდასაც გეგმავს.


უკანასკნელ წლებში საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია მაღალი ტემპით იზრდება, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ბრუნვის მოცულობამ 6 მილიარდი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი – 32.1 მილიარდი ლარი. 

3 წელიწადში დაფიქსირებული თითქმის 430%-იანი ზრდა უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, რომელიც, ძირითადად, ონლაინ კაზინოებზე გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული. 
მთავრობის გეგმა კი აზარტული თამაშების სწორედ ამ ახალი და მზარდი სეგმენტის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დარეგულირებული სფეროა, აზარტული თამაშების კომპანიები არაერთი სახისგადასახადს იხდიან, კერძოდ, მოგების, საშემოსავლოს, დღგ-ს, ქონების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.

საერთო ჯამში, გადასახადებითა და ჯარიმებით აზარტული თამაშების კომპანიებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, დაახლოებით, 300-400 მილიონი ლარი შედის. 

გარდა ამისა, აზარტული თამაშების სექტორი საქართველოში 11 000-მდე მოქალაქეს ასაქმებს, დაქირავებულთა საშუალო ხელფასი კი 2 000 ლარს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან დღემდე ბიზნესის ბრუნვა თითქმის 430%-ით გაიზარდა, გადასახადებიდან მიღებული თანხის მოცულობა არსებითად არ შეცვლილა, რაც რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული. 

კომპანიების შემოსავლების ზრდასა და გადასახადების მოცულობას შორის არსებული არაპროპორციული მიმართების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკანონმდებლო ჩარჩოა. რეგულაციების დიდი ნაწილი ფიზიკურ დაწესებულებებზე, სამორინეებსა და სლოტ კლუბებზეა მორგებული და არა ონლაინ კაზინოებსა და ციფრულ სერვისებზე.  

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, გამკაცრებული რეგულაციები აზარტული თამაშების კომპანიების შემოსავლიანობაზე ნეგატიურად აისახება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი 18-დან 24 წლამდე მოსახლეობისთვის თამაშის უფლების შეზღუდვაა, რადგან ამ ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 280 000-ს აღწევს.

მიუხედავად ამისა, ლაშა ხუციშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალი არ მიადგება, რადგან კომპანიების შემცირებულ შემოსავლებს გაზრდილი გადასახადები დააბალანსებს. 

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როგორ დარეგულირდება აზარტული თამაშების სფერო, თუმცა, სავარაუდოა, რომ აკრძალვის შემთხვევაში მომხმარებელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ონლაინ კაზინოებს მიმართავს და ის თანხა, რომელსაც ქართული კომპანიები და ქვეყნის ბიუჯეტი იღებდა, VPN-ის საშუალებით სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს, ამით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა არ გადაიჭრება, საქართველოს ეკონომიკა კი დაზარალდება. 

კომენტარები